გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სანქციებს უწესებენ ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს.
„ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებული ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.
ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.
დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.
განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან”.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა:
„დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება.
„ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
დღეს სანქცირებული პირები არიან:
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ.
გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას სერიოზული დარღვევა უწოდა.
ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.