პოლონეთში რუს ჰოკეისტს ჯაშუშობისთვის 2 წლით და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

პოლონეთის ქალაქ ლუბლინის სასამართლომ რუს ჰოკეისტს მაქსიმ სერგეევს 2 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ჰოკეისტი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას Deutche welle ავრცელებს.

რუსი ჰოკეისტი 18 წლის ასაკში პოლონეთში 2021 წელს ჩავიდა და ქალაქ სოსნოვეცის გუნდში, „ზაგლემბეში“ ასპარეზობდა.

გამოძიების ცნობით, ის მალე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტმა გადაიბირა „ტელეგრამის“ მეშვეობით. მას სოციალურ ქსელებში პოლიტიკური კონტენტი უნდა გაევრცელებინა. მოგვიანებით სერგეევმა ინფორმაცია გადასცა პოლონეთის სტრატეგიული ობიექტების შესახებ, მათ შორის პშემისლას რკინიგზის სადგურის და სილეზიის იარაღის ქარხნის შესახებ. მან ბინაც კი იქირავა, რომლის ფანჯრებიდან იარაღის ქარხანა ჩანდა. როდესაც სერგეევი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა, მის ლეპტოპში აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც „ვაგნერს“ ეკუთვნოდა.

სერგეევს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მან მაქსიმალურ სასჯელს თავი აარიდა, რადგანაც გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა. პოლონეთის სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მაქსიმ სერგეევი 16-კაციან ჯგუფში შედიოდა, რომლიდანაც 14 ადამიანი უკვე დაკავებულია.