The Gateway Pundit: ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი საქართველოს ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, მმართველი კონსერვატორები საკუთარი კონტროლის კონსოლიდირებას ახდენენ – წარმავალი გლობალისტ-პრეზიდენტი ხელისუფლების გადაცემაზე უარს ამბობს

ამერიკული გამოცემა The Gateway Pundit-ი საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება და სპეციალურ სტატიას უძღვნის. გამოცემა „ქართულ ოცნებას“ კონსერვატიულ პარტიას უწოდებს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – გლობალისტ-პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების დათმობა არ უნდა.

მიხეილ ყაველაშვილი

როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ლიბერალური/გლობალისტური ოპოზიციის პროტესტის ფონზე და დასავლეთიდან და აშშ-ში ჯო ბაიდენის რეჟიმის მხრიდან გამალებული ზეწოლის პირობებში.

არჩევნები პარლამენტის შენობაში ჩატარდა, მასში მონაწილეობას კოლეგია იღებდა, რომელშიც პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიოდნენ. ახალი პრეზიდენტის არჩევით მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინა.

გამოცემის მტკიცებით, ხმოსნებმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს, რომელიც დასავლეთის მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა. მან პროდასავლელი, გლობალისტი, საფრანგეთში დაბადებული მოქმედი პრეზიდენტი უნდა ჩაანაცვლოს.

The Gateway Pundit-ის ცნობით, გარდა ვარსკვლავური წარსულისა, ყაველაშვილმა სახელი „ხალხის ძალაში“ გაითქვა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამოეყო. ის აგრეთვე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორია.