ევროჩინოვნიკობა მორიგ ჭაობს გვიმზადებს: ბერსეს თქმით, “უმრავლესობამ და ოპოზიციამ დიალოგი უნდა გახსნან”

როგორც ჩანს, საქართველოში ჩიხში შესული ვითარების მოგვარება ევროჩინოვნიკებს მორიგი ჭაობის მოწყობით სურთ. კერძოდ, თბილისში ჩამოსულმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში. ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმებით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს არის საქართველოს მოსახლეობის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრული დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა უმცირესობა, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.“- ციტატის დასასრული.

ესაა ევროპელთა იმპოტენციის დემონსტრირება. ბერსე, ეტყობა, შარლ მიშელსაც “გაასწრებს” ამ თვალსაზრისით. როგორ უნდა შედგეს დიალოგი დასავლური პერსონალური სანქციებისა და ოპოზიციის უუნარობის პირობებში? ხელისუფლების მიერ უპასუხისმგებლო, გაუთვლელი და უკანონო გადაწყვეტილებების სიუხვის პირობებში?

პრესკონფერენციაზე გაკეთებული თავისი განცხადებებით, ბერსემ საერთოდ “ბოლი დააყენა” და გააბუნდოვანა ევროპის პოზიცია (თუკი საერთოდ არსებობს ევროპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით):

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, თავმჯდომარე ჰყავს. თუმცა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა შევხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს, უნდა შევხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში, ხომ? და ამიტომაც, მნიშვნელოვანი იყო, იმის მიუხედავად, შეფასდება თუ არა მისი როლი, ტიტული და ა.შ. მე არ ვუსვამდი ამ შეკითხვებს ჩემს თავს. ასევე შედგა ბატონ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კომუნიკაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო. ამიტომ, რადგანაც მე აქ ვიყავი, ჩავთვალე, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც. ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულია. თუ შენ გინდა, რომ წინ გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ვითარებაში, ასეთი კლიმატის პირობებში, როცა ეს ყველაფერი სავსეა ძალადობით, დემონსტრაციებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული ტიტულებზე, წოდებებზე და იმაზე, ვინ რა პოზიციაზეა. ის სატელეფონო ზარი ყველასთვის ცნობილია, მაკრონსა და ივანიშვილს შორის. ახლა ჩემი ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდა და შევხვდი ყველა აქტორს, ვისაც შეიძლებოდა, რომ შევხვედროდი ამ სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ცხადი ერთია, რომ ევროპაც ელოდება ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებას და პოზიციის გამოხატვას. ვაი უბედურ “სუვერენულ” საქართველოს, ტრამპის ადმინისტრაციის ვერდიქტის მოლოდინში მყოფს