შსს: აქციებზე სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა – 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო მრავლობითი დამწვრობა, ერთს კი სმენა მნიშვნელოვნად დაუქვეითდა, 40-მდე სამართალდამცველმა ქვების მოხვედრის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, შსს-ს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე გავრცელებულ ბრალდებებს.

შსს

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული წარმოადგენს ცრუ ბრალდებებს და მიზნად ისახავს სამართალდამცველების დისკრედიტაციას.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

თუმცა, უწყების თქმით, საპროტესტო აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები – ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა. ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აქციებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 171 თანამშრომელი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, კერძოდ: 10-მდე
პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა.