დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ნატო-ს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს და ომის დაუყოვნებლივ დასრულება სურს. თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება.
ამასთან, დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას და მშპ-ის 5%-მდე გაზრდას სთხოვს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3,5%-მდე გაზრდასაც დათანხმდება.