რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ დონეს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ცდილობს შეამციროს ამ ქვეყნიდან გაზზე დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, –ამის შესახებ Financial Times იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირმა 16.5 მილიონი ტონის მოცულობის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იმპორტი აღემატება გასული წლის მაჩვენებელს (15.18 მილიონი ტონა) და ასევე უსწრებს წინა რეკორდს, რომელიც 2022 წელს დამყარდა (15.21 მილიონი ტონა).
„რაც ვიხილეთ წელს, გასაკვირია. იმის ნაცვლად, რომ თანდათან შევამციროთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, მას ვზრდით“, – განაცხადა ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ანა მარია იალერ-მაკარევიჩმა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა დაისახა მიზნად, შეწყვიტოს ყველა რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი 2027 წლისთვის, მაგრამ გაზის მიწოდება ევროპის პორტებში კვლავ იზრდება.