„ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან რუსეთის აგენტად სტიგმატიზება ხდება ნებისმიერი ადამიანის, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება.
„ამ დღეების ფაქტები ალან ბერსეს სტუმრობაზე, ზუსტად აჩვენებს, ცარიელ ადგილზე როგორ ქმნიან ყალბ ნარატივებს, თითქოს ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ რაღაც არ მოეწონათ მის რომელიღაც წინადადებაში, პირდაპირ გამოაცხადეს ლამის რუსეთის აგენტად. პირდაპირ საუბრობდა ამას ზოგიერთი მათი წარმომადგენელი, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ევროსაბჭოს, რომ განიხილოს ამ ადამიანის საკითხი. ასეთ აბსურდზე გვაქვს საუბარი, ნებისმიერი ადამიანის, რომელიც მათ ნარატივში არ ჯდება, პირდაპირ ხდება სტიგმატიზება როგორც რუსეთის აგენტისა და მორჩა. მერე იმის მიმართ ყველაფერი შეიძლება. ეს არის ზუსტად ის ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს, მათ შორის, გარედან წაქეზებით საქართველოშია.
რაც შეეხება ამ დამოკიდებულებას, გასაგებია რაც ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც სამწუხაროდ გარედან არიან მხარდამჭერილი და ახლა ვეკითხები მათ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებშიც ისინი წევრიანდებიან და ვინც მათ ხელს ართმევს – გვარამიას, „დროას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, თუ სხვა პარტიებს, იმ ელჩებს, იმ უცხოელ პარლამენტარებს, აქ რომ ჩამოდიან და ჩახუტებაში რომ არიან ამ რადიკალებთან, ზუსტად მათი წაქეზებულია ეს სამარცხვინო ისტერია, რომელსაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება. ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე. ბოლშევიზმი მაშინაც უცხოეთიდან შემოვიდა საქართველოში და ახლაც თანამედროვე ბოლშევიზმი უცხოეთიდან წაქეზებით არის ქართული საზოგადოების აი ამ ჯგუფში დაბუდებული“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.