როცა ადამიანმა [ალენ ბერსემ] სიტყვა დიალოგი და პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ ზიზღით, რუსეთის აგენტად გამოცხადებით და მათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლეს, თან წერილი მიწერეს ევროსაბჭოს – განიხილეთ ეს ადამიანი, დასაჯეთ, მოკვეთეთ, შეაჩვენეთო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს და თუ მათ რამის თქმა უნდათ, ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„ოპოზიციისთვის პოლიტიკური გზები მიუღებელია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ექსტრემიზმში გადაზრდილ ჯგუფებთან, რომლის ექსტრემიზმიც გუშინ პირდაპირ ვიხილეთ. რა დიალოგზეა საუბარი მათი მხრიდან, როცა ადამიანმა, რომელმაც სიტყვა დიალოგი და პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ, ზიზღით, რუსეთის აგენტად გამოცხადებით და მათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლეს თან, წერილი მიწერეს ევროსაბჭოს, განიხილეთ ეს ადამიანი, დასაჯეთ, მოკვეთეთ, შეაჩვენეთო – „ნაცობა“, როგორც ასეთი, სხვა რამე კი არ არის, აქ ჭრელა-ჭრულა სახელებს, რომ ირქმევენ ესა თუ ის პარტიები და ფერების შერჩევაში რომ არიან, რომელ პარტიას რომელი ფერი შეურჩიონ, წითელ-ყვითელ-მწვანეში რომ არიან, საერთო ჯამში, მათი იდეოლოგია ერთია, ეს არის ბოლშევიზმი, რომელიც საფუძველია მათი იდეოლოგიის და ეს პირდაპირ გამოავლინეს ამ ადამიანთან დაკავშირებით პერსონალური თავდასხმებით და რუსეთის აგენტად გამოცხადებით. ეს იდეოლოგია ქართული კი არ არის, ეს იდეოლოგიაც გარედანაა შემოტანილი, ესენი იმ იდეოლოგიის მატარებლები არიან, რომლებიც ტრამპს კრემლთან დაკავშირებულ ადამიანად აცხადებენ, ტრამპი არ ჰყავდათ ასე შეჩვენებული ამერიკულ-პოლიტიკურ გარემოში, რომ მას ეძახდნენ აგენტს? ილონ მასკს ეძახდნენ რუსეთთან დაკავშირებული იყოო. ევროპაშიც დააკვირდით, როგორც კი ვინმე იტყვის რაღაც კრიტიკულ მოსაზრებას, პირდაპირ მიაკერებენ, შენ ხარ რუსეთის აგენტი, კრემლის ნარატივიო.
რაც შეეხება დიალოგს, ამ არჩევნების შედეგად, ოპოზიციას 61 მანდატი აქვს 150 მანდატიდან, იმ 4 პარტიას ვგულისხმობ, რომელიც დღემდე არ შემოდის პარლამენტში. მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები არიან. პოლიტიკური დებატი, პოლიტიკური დისკუსია, პოლიტიკური ბატალიების ერთადერთი ადგილი დემოკრატიაში პარლამენტია. მათ 61 მანდატი აქვთ, შემოვიდნენ პარლამენტში და თუ რამე სათქმელი აქვთ, თქვან აქ, ტრიბუნასთან, ან თუ უნდათ, საპარლამენტო „კორიდორებში“ განხილვის დროს, მაგრამ საქმეც ესაა, ისინი ხომ შინაარსში არასდროს არაფერში არ შედიან, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ, მათ სინამდვილეში დავალება აქვთ, რომ ქვეყანა არიონ და რამენაირად, ძალადობრივი გზით, ვინაიდან დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ვერ ბრუნდებიან, ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.