ცხინვალში ე.წ. დეპუტატმა სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დეპუტატმა ზაზა დრიაევმა ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ზაზა დრიაევი და თამარ მეარაყიშვილი

ინციდენტი ცხინვალში, უნივერმაგ „რომაშკასთან“ მოხდა. თამარი ე.წ დეპუტატთან მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ უწოდებს ის სოციალურ ქსელებში „ოსი ხალხის მტრად“. პასუხის მოსმენისას მეარაყიშვილმა მობილური ტელეფონი ჩართო და გადაღება დაიწყო.

სწორედ ამ დროს დრიაევმა მეარაყიშვილს შეაგინა და მუშტი ჩაარტყა, შემდეგ კი ტელეფონი წაართვა და ქუჩაში დააგდო. თამარ მეარაყიშვილმა ე.წ. მილიცია გამოიძახა, რომლის თანამშრომლებიც ადგილზე მივიდნენ. თამარ მეარაყიშვილის თქმით, დე ფაქტო სამართალდამცველები საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ და ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის საჩივრის დაწერას. მეარაყიშვილმა უთხრა, რომ მან ე.წ. მილიცია დანაშაულის ფაქტის დასაფიქსირებლად გამოიძახა, ხოლო საჩივარს ე.წ. გენერალურ პროკურატურაში შეიტანს. შემდეგ დაშავებული აქტივისტი მედიკოსებმა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მას მოტეხილობები არ ჰქონდა და მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდა.

თამარ მეარაყიშვილი ზაზა დრიაევს ადრეც აკრიტიკებდა. აქტივისტი აცხადებს, რომ დე ფაქტო დეპუტატი ე.წ. პარლამენტში მომუშავე ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობით ადრეც არის ცნობილი, მაგრამ ის არავის დაუსჯია.