“სალომე ზურაბიშვილს ერთი კვირაც არ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე, 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ – მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, კობახიძის შეფასებით, 21 დეკემბრის მიტინგი თბილისში, სადაც რამდენიმე მარში გაიმართა და ცეკვა ხორუმი შესრულდა, ხალხმრავალი არ იყო და “3 ათას კაცამდე ძლივს შეკრიბეს”.
მისი შეფასებით, ახალი არჩევნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. კობახიძის თქმით,”ეუთო/ოდირის ანგარიში, ადასტურებს, რომ არჩევნები წარმატებით შედგა, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული”, რასაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია აყენებდა. ერთი კვირა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე როგორც კობახიძემ განაცხადა, ამ 1 კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს გააკეთებს.
„1 კვირაც აღარ აქვს დარჩენილი საკუთარ თანამდებობაზე ზურაბიშვილს. ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერს გააკეთებს, მართალია ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება.
Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები”,- აღნიშნა პრემიერმა.
“ამასთან, განმარტა, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ თუ ის რეზიდენციაში გამაგრდება, ამით გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში.
„თეორიულად წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა მელიას დაკავებისას. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში. მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს, რაც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას”,- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური სპექტრი და ენჯეო სექტორი პრეზიდენტის სასახლეში იმისთვის მიიწვია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაენიშნა. მისი თქმით, შეხვედრაზე „სალომე ზურაბიშვილს ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა”.
„ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში. ასევე, კიდევ უფრო დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს და ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის.
მათ შორის „ენჯეოების” წარმომადგენლებს შორის. გვეუბნებიან, რომ მათ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, ოპოზიციური სპექტრი და „ენჯეოები” სწორედ იმ განზრახვით შეკრიბა, რომ მას გუშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა. მიზანი ცხადი იყო – აჟიოტაჟის შექმნა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, შედგა პრეზიდენტის ბრიფინგი, თუმცა საბოლოოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ინიციატივა არ გაჟღერდა. „ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა”, – განაცხადა კობახიძემ.
ამბობს, რომ ეს არის “ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი”. „ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სიტყვა სიტყვით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი ახდა ზუსტად ისე, როგორც ამაზე გუნდის წევრები საუბრობდნენ.
თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი გუნდის ლიდერები, რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას და ა.შ. ის შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას.
“ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, რაც დაუწერეს „მაკკეინის ინსტიტუტის” პატრონებმა ამ ადამიანებს, უცხოელ აგენტებს საქართველოში, ზუსტად იმ სცენარს მიყვებიან.
აქედანაც ჩანს კიდევ ერთხელ ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნულოვანი დამოუკიდებლობა. ისინი არიან ჩვეულებრივად უცხოელი აგენტები და აკეთებენ არა იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არამედ იმას, რასაც ავალებენ უცხოელი პატრონები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს”
კობახიძე ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს. „რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, აქ სამართლებრივად მარტივად არის საქმე. ჩვენი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების დანიშვნას აქვს სამი კონკრეტული საფუძველი.
“რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკო ან სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების შედეგებს გააბათილებს.
თქვენ იცით, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა, სასამართლოში ყველა საჩივარი განხილული იქნა. საკონსტიტუციოს სასამართლოს მიმართა თავად სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან და „ენჯეოებთან” ერთად. საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა.
შესაბამისად, ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
“რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, მორიგი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც პარლამენტს უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოეწურება. ცხადია, რომ ეს საფუძველიც არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნების კონსტიტუციის თანახმად ინიშნება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ნდობას მთავრობის შემადგენლობას არ უცხადებს. როგორც მოგეხსენებათ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, შესაბამისად, ეს მესამე საფუძველიც არ არის სახეზე.
“აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური. თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ერთი დღე ითხოვა, დღეს 21:00 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისთვის, ვნახოთ ვინ გადაწონის ვიღაც ჭკვიანი, თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი”, – განაცხადა კობახიძემ.
რას ამბობს პრემიერ-მინისტრი ეუთო/ოდირის დასკვნაზე
პრემიერმა აღნიშნა,რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც „სრულად გააბათილა” ეუთო/ოდირის ანგარიშმა.
„კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული ეუთო/ოდირის ანგარიშში.
“რეალურად უბნების 76 პროცენტში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია ეუთო/ოდირს. დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას.
“რაც შეეხებოდა ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთო/ოდირმა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული.
მესამე – კარუსელი, გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას, ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული. საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთო/ოდირმა.
“ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში. რუსეთის ჩარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება. არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში.
რაც შეეხება ძალადობას, ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს”
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 21 დეკემბრის აქციაზე “სრული მობილიზაციის გამოცხადების პირობებში” 3 ათას კაცამდე “ძლივს შეიკიბა”. „ხედავთ, ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში. გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს.
შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ გასული წლის აქციის ფოტომასალას. ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს პოლიციის გამოწვევა, ძალადობით ვეღარ ახერხებენ პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში”, – აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძე ტრამპზე
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს “რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი”.
„მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, ყველანაირი ნარჩენისგან, თუ ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაში, ეს პირდაპირ აისახება დადებითად საქართველოს ინტერესებზე და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის. მთავარია ის, თუ რას გააკეთებს დონალდ ტრამპი და არა ის, თუ რას გააკეთებს რომელიმე კონკრეტული სხვა პოლიტიკოსი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა”.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე. ეს არის არაფორმალური გავლენები და „დიფ სთეითი” არის ამ არაფორმალური გავლენების, გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტი. რაზეც ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, იმაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა. ეს არის რეალობა. თავიდან ძალიან გაუჭირდა ქართულ საზოგადოებას ამ გზავნილების მიღება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, სად იყო სიმართლე.
“ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი არ მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მას უბრალოდ, ამის რესურსი არ ჰქონდა. რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა აშშ-ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს.
ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. “ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში.
ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება”, – განაცხადა პრემიერმა.