ზელენსკი რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტზე – რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული? რას უხდიან მას და რით იხდის?

მოსკოვი მნიშვნელოვან ფასდაკლებებს აძლევს ფიცოს, მაგრამ სლოვაკეთი იხდის ამისთვის. ასეთი ფასდაკლებები უფასო არ არის – რუსეთში გადახდები სუვერენიტეტის ან ბუნდოვანი სქემებით ხდება, – ასე ეხმაურება უყრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.

მისი თქმით, ეს საკითხი სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების შეშფოთების საგანი უნდა იყოს.

„ჩვენ ვკარგავთ ხალხს იმ ომის შედეგად, რომელიც პუტინმა დაიწყო და მიგვაჩნია, რომ პუტინისთვის ასეთი დახმარება ამორალურია. ბატონმა ფიცომ კომპენსაციაზეც კი თქვა უარი გარდამავალი პერიოდის შესამსუბუქებლად და დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მისთვის უსაფრთხოების საკითხი არ არის. ის დაინტერესებულია კონკრეტულად რუსული გაზით და ამის ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია წელიწადში. სხვა მოგება მოდის ნავთობის მილსადენიდან, რომელიც გადის უკრაინის ტერიტორიაზე და იძლევა კიდევ 500 მილიონ აშშ დოლარს წელიწადში, რაც ეხმარება ბატონ ფიცოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ფიცოს მთავარი მიზანი რუსეთთან ურთიერთობაა და ეს არის უსაფრთხოების საკითხი როგორც სლოვაკეთისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.

„მისი მთავარი მიზანი რუსეთთან ურთიერთობაა და ეს არის ის, რაც მას სარგებელს მოუტანს. ეს მართლაც დიდი უსაფრთხოების საკითხია – როგორც სლოვაკეთისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. რატომ არის ეს ლიდერი მოსკოვზე ასე დამოკიდებული? რას უხდიან მას და რით იხდის?“- აღნიშნა ზელენსკიმ.