„მზად არიან 20 მილიონი ევრო გადაუხადონ“ – გიორგი მიქაუტაძე გალათასარაის სიაში პირველია

საქართველოს ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სტამბოლის გალათასარაის ინტერესის სფეროშია.

გიორგი მიქაუტაძე

„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „გალათასარაის“ სიაში პირველია, როგორც ვიქტორ ოსიმენის პოტენციური შემცვლელი.

ნიგერიელი თურქულ კლუბში იჯარითაა, მაგრამ იანვარში შეიძლება კლუბი დატოვოს, თუ „ნაპოლი“, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, შესაბამის შეთავაზებას მიიღებს. აფრიკელ შემტევს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.

„გალათასარაის“ მაურო იკარდი მიმდინარე სეზონში ვერ დაეხმარება და თუ ოსიმენსაც ვერ შეინარჩუნებს, თავდამსხმელი დასჭირდება, თანაც მაღალი დონის.

თურქი ჟურნალისტის მეჰმეთ ოზჯანის ცნობით, თურქების სიაში პირველი სწორედ მიქაუტაძეა და ისინი მზად არიან „ლიონს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ვინაიდან, ფრანგულ კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, სულაც არაა გამორიცხული, რომ მიქაუტაძე იანვარში გაყიდონ. გიორგის ასევე ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.