საფრანგეთში ქართული სახლის დამფუძნებელი: ზურაბიშვილმა საქართველოს იმიჯსა და დემოკრატიას საზღვარგარეთ დარტყმა მიაყენა

საფრანგეთში ქართული სახლის დამფუძნებელი რამაზ პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების არაღიარებით და მიტინგების მხარდაჭერით ქვეყნის იმიჯსა და დემოკრატიას საზღვარგარეთ დარტყმა მიაყენა.

„საფრანგეთში დაბადებულმა და განათლება მიღებულმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აირჩიეს [საქართველოს პრეზიდენტად] იმის გამო, რომ ის საქართველოს დახმარებოდა, საკუთარ ფუნქციას უღალატა. მისი პირადი ამბიციებითა და ამპარტავნებით მან საქართველოს დემოკრატიასა და იმიჯს საზღვარგარეთ დარტყმა მიაყენა. ეს დემონსტრაციები, რომელსაც კანონიერი მიზნები არ აქვს, ურტყამენ ეკონომიკას და, შესაბამისად, ქართულ ოჯახებს“, – წერს ის.

პაპუაშვილი მოუწოდებს ზურაბიშვილს თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოსთხოვოს ოპოზიციას შეასრულოს მისი ვალდებულება პარლამენტში.

როგორც ქართული სახლის დამფუძნებელი აღნიშნავს, ზურაბიშვილი გეგმავდა პრეზიდენტის პოსტის დატოვებას და პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ამისთვის ის საფრანგეთში, სადაც მისი ქალიშვილი ერთ-ერთ რადიოში, ხოლო ვაჟი ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, მხარდაჭერას ეძებდა.

საფრანგეთსა და ევროპაში მისი ვიზიტების დროს ის ამბობდა, რომ ერთადერთია, რომელსაც „პრორუსულ“ ხელისუფლებასთან გამკლავება და საქართველოს ევროპისკენ შემობრუნება შეეძლო.

პაპუაშვილი ღია წერილში მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევის საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ პარლამენტმა ის კონსტიტუციის თანახმად აირჩია, ხოლო ამის საპასუხოდ ეწყობა პოლიტიკური ავანტიურა, რომლის ავანგარდში ზურაბიშვილი, „უპრინციპო ოპოზიციური პარტიები და ევროპული მედია, საფრანგეთის მთავრობა და ევროკავშირი დგანან“.

პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სანიმუშო და დემოკრატიული იყო. არჩევნების შედეგად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. „ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება, უარი თქვან პარლამენტში მუშაობაზე აჩვენებს, რომ ეს დეპუტატები არ ასრულებენ ვალდებულებას, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა. ისინი ერის წარმომადგენლის როლს პატივს არ სცემენ. ასეთი მიდგომა პოლიტიკური სიმწიფის არარსებობაზე მიუთითებს და საქართველოს დემოკრატიაზე ცუდად აისახება“, – დასძინა მან.