ოპოზიცია პოზიციას სწრაფად იცვლის, არ არის გამორიცხული ზურაბიშვილმა რეზიდენცია დატოვოს – რა თქვა შეხვედრიდან გამოსულმა ბესელიამ?

ეკა ბესელიას შეფასებით, პრეზიდენტთან არსებული საბჭო არის იდეა, სადაც, როგორც პოლიტიკოსები, ისე საზოგადოების აქტიური ჯგუფები უნდა იყვნენ ჩართული და სალომე ზურაბიშვილი საკთხზე მუშაობს.

“დღეს გვაქვს ჩვენ ვითარება,როდესაც არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც დანიშნული ფორმალური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, არ არის არანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. რომელ სასახლეშიც არ უნდა შევიდეს, მას ხალხის ნდობა არ აქვს, შესაბამისად, ეს აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ორმაგი მანდატი აქვს მას სანდოობისაც და კონსტიტუციური ლეგიტიმაციისაც ანუ ხალხიც ენდობა და კონსტიტუციურადაც ერთადერთი სამართლიანად არჩეული პირია.

არ აქვს ადგილს მნიშვნელობა, პრეზიდენტი სად იქნება – გადაწყვეტს აქ დარჩენას თუ გადაწყვეტს და სხვა ადგილს აირჩევს, მე ამ ლეგიტიმაციას შენობას არ ვუკავშირებ, აქ შინაარსშია არსებითი სხვაობა. ამ სასახლეში რომ მიხეილ ყაველაშვილი დასვან, პრეზიდენტი გახდება?

რაც შეეხება საბჭოს, სალომე ზურაბიშვილი ამ საკითხზე მუშაობს, ახლა აჯამებს მის ირგვლივ პოზიციებს. ეს არის იდეა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით იყოს ასეთი ტიპის ერთობა. ეს უნდა იყოს პლატფორმა, სადაც უნდა ისმოდეს საზოგადოებისთვის აქტიური ხმა, პროდასავლური პოლიტიკური ძალების მონაწილეობა, ამიტომ, ეს არის ის რეალური მოცემულობა, რომელმაც უნდა შეასრულოს ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – მოამზადოს და დანიშნოს არჩევნები. ეს საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების თანხმობით უნდა მოხდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.