ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

ფინეთის პოლიცია იძიებს, მონაწილეობდა თუ არა უცხო ქვეყნის გემი ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფინეთსა და ესტონეთს შორის ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი კაბელი გაწყდა

„პოლიცია, სასაზღვრო დაცვასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, ინციდენტის მოვლენათა ჯაჭვს იძიებს“, – ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციაში აცხადებენ, რომ გამომძიებლები უცხოური გემის პოტენციურ როლს იკვლევენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გემს გულისხმობენ.

გამოცემის ცნობით, ფინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორი, Fingrid-ი აცხადებს, რომ 658 მეგავატი სიმძლავრის ინტერკონექტორი Estlink 2 ხაზგარეშე რჩება და ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 358 მეგავატიანი Estlink 1 მუშაობს.

შეგახსენებთ, 2022 წელს იმავე წყლებში გამავალი „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები ააფეთქეს. მომხდარს გერმანია ჯერ კიდევ იძიებს.