საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ მზად არიან დარჩნენ ორბელიანების სასახლეში და გამოაცხადონ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. მდინარაძის აზრით, ისინი აგიჟებენ სალომე ზურაბიშვილს.
„ეს მაინცდამაინც აღარ სჭირდება ამ ქალბატონს, მაგრამ აგიჟებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა უბრალოდ აქ განსხვავება ის იქნება, მართლა გააგიჟებენ საბოლოოდ. ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ არის რაღაცა, როდესაც სამკურნალო ხდება ადამიანი, ასეთი რაღაცებით გაგვიგია ხომ, რაღაცებს იბრალებენ და მე ვარ პრეზიდენტი, კიდევ ამას დაიბრალებს და ეს ამ კატეგორიაში გავა, გაგიჟდა ეს ქალიო, ყველა იტყვის, თუ დანაშაულს ჩაიდენს საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი რომ ამაში შეჰყვება. დანაშაულს ჩაიდენს თუ არა ის მარტო, თუ ეს იქნება თანამზრახველებთან ერთად და მრავალწლიანი პატიმრობისთვის საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც გაწირავს და ისინიც ამაში შევლენ, ეს მათი გადასაწყვეტია.
მუქარაო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობდნენ და მერე ხუმრობით ვუთხარი ჟურნალისტს, შევუერთდები მუქარას და მეც დაგემუქრებით-მეთქი, რომ თუ თქვენ დანაშაულს ჩაიდენთ, გარანტირებულად აღმოჩნდებით გისოსებს მიღმა. ახლა ეს თუ მუქარაა, კი ბატონო, იყოს მუქარა, რეალურად ხომ უნდა ვუთხრათ.
მე პრაქტიკულად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულზე წავიდეს, თან ჯგუფურ დანაშაულზე, თანამზრახველებთან ერთად და ეს რაღაც სცადონ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში, კანონია, სახელმწიფოა. სკამის ჩაბღაუჭების ასეთი, თან დანაშაულებრივი პრეცედენტი მართლა არ მახსენდება. შეიძლება იყო სადღაც, მაგრამ მე არ მახსენდება, ცივილიზებულ სამყაროში, ყოველ შემთხვევაში. ჩვენ წინასწარ ხომ უნდა ვუთხრათ, კი არ ვემუქრებით, უბრალოდ ვეუბნებით, რომ თუ მართლაც მსგავსი რაღაც ვიღაცა გადარეულმა მოიფიქრა და დაარწმუნა, რომ შენ იქ უნდა დარჩე, დაიკავო სახელმწიფო შენობა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული პრეზიდენტის სასახლე და მოქალაქე, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თან ვიღაცებთან ერთად ჯგუფურად ჩაიდინო ეს დანაშაული, დანაშაულს რომ სასჯელი მოსდევს ხომ ყველამ იცის?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.