აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიამ Azerbaijan Airlines-მა ბაქოდან რუსეთის 7 ქალაქში ავიარეისები შეაჩერა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია ავიალაინერის, Embraer 190-ის ჩამოვარდნის გამოძიების წინასწარი შედეგების საფუძველზე, რადგანაც არსებობს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
გამოძიების დასრულებამდე ფრენები შეჩერდა გროზნოში, მახაჩყალაში, მინერალნი ვოდებში, სოჭში, ვოლგოგრადში, უფაში და სამარაში. ფრენები შენარჩუნებული იქნება მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის, ასტრახანის, ყაზანის და ნოვოსიბირსკის მიმართულებით.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა ავიალაინერმა, Embraer 190-მა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, კატასტროფა ყაზახეთს ქალაქ აქთაუსთან განიცადა. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავი ორად გადატყდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილები თვითმფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდნენ. ფიუზელაჟის წინა ნაწილი კი მთლიანად დაიწვა. დაიღუპა 38 ადამიანი. 29 ადამიანი გადარჩა.