კერძოდ, რამდენად შორს მიდის ივანიშვილზე დაწესებული სანქციები?

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა 27 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს  სანქციები დაუწესა.

„აშშ სანქციებს უწესებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს. მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი X-ზე.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია: „ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, მომავლისა, რომელიც ქართველ ხალხის უმეტესობას სურს და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

შედეგად, საქართველო დაუცველი გახდა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის პირობებში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს.

შეერთებული შტატები მოწოდებულია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობას იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრიან. ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შევიდა 14024-ე აღმასრულებელი ბრძანების 1(a)(ii)(C) პუნქტის შესაბამისად, იმ ქმედებებში თანამონაწილეობისთვის, ან უშუალოდ ან ირიბად ჩართულობის ან ჩართულობის მცდელობისთვის, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ, რუსეთის მთავრობის სახელით ან მის სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად“.

სანქციების რეჟიმი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია აშშ-ში, ამერიკელების მფლობელობაში ან მათ კონტროლქვეშაა, გაიყინება. ივანიშვილის ან მისი პარტნიორების მფლობელობაში არსებული კომპანიების ტრანზაქციები ნებადართულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათზე სანქციების სხვა დებულებები ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სანქციების რეჟიმი ვრცელდება 2024 წლის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმეზე განხორციელებულ ტრანსაქციებზეც.

როგორც ვხედავთ, ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ შედარებით რბილი ტიპის სანქციებია ამოქმედებული, რადგან მისი პარტნიორები არ არიან ამ სანქციებში მოყოლილნი, თუმცა პირადად ივანიშვილისთვის მძიმე იქნება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს ტრანზაქციების გაყინვა.