რუსეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის რუსეთის საჰაერო სივრცეში კატასტროფის გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის რუსეთის საჰაერო სივრცეში კატასტროფის გამო ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

ალიევი და პუტინი

პუტინის თქმით, ტრაგიკული ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს უკრაინული დრონები უტევდნენ.

სატელეფონო ზარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა.

„ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ეს ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა“, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა ავიალაინერმა, Embraer 190-მა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, კატასტროფა ყაზახეთს ქალაქ აქთაუსთან განიცადა. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავი ორად გადატყდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილები თვითმფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდნენ. ფიუზელაჟის წინა ნაწილი კი მთლიანად დაიწვა. დაიღუპა 38 ადამიანი. 29 ადამიანი გადარჩა.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული თვითმფრინავი გროზნოსთან საზენიტო რაკეტამ დააზიანა.