პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და ბიბლიის წინაშე ფიცი დადო.
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
რის შემდეგაც, ის ოფიციალურად გახდა საქართველოს მე-6 პრეზიდენტი.
ცერემონია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა, რის შემდეგაც, მიხეილ ყაველაშვილმა საინაუგურაციო სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში პრეზიდენტის არჩევნები ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილი ამ თანამდებობაზე პარლამენტის წევრების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის 224 ხმით აირჩიეს.