ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, რატომაც არის აკრძალული ევროპაში ნიღბების ტარება. გამოდის, რომ თქვენ ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, არის თუ არა აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვა რეპრესიული ნაბიჯი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ცრემლსადენი გაზის ჩართვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აქცია კანონიერ ჩარჩოებს გასცდება.
„საინტერესოა, რომ თქვენ ევროპულ სტანდარტს ეძახით რეპრესიას. როგორ ფიქრობთ, ის სივრცე, საითკენაც, სხვადასხვა ჯგუფი ამბობს, რომ მივისწრაფვით, რეპრესიული სივრცეა? ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე.
როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია გასული არის კანონიერი ჩარჩოებიდან. შესაბამისად, როცა ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა და გადავიდეს შეტევაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.