სლოვაკეთი აღშფოთებულია: კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო განცხადებას „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ, რომლითაც ზელენსკი სპეკულირებს

სლოვაკეთი აღშფოთებულია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მუქარით „მეორე ენერგეტიკული ფრონტი“ გახსნა. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, იუწყება European Pravda.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სლოვაკეთის საგარეო უწყების შეფასებით, ფიცოს მუქარაზე ზელენსკის რეაქცია „გადაჭარბებულია“.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ყოველგვარ უსაფუძვლო განცხადებას „მეორე ენერგეტიკული ფრონტის“ გახსნის შესახებ, რომლის თაობაზეც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სპეკულირებს, ასევე, შეთითხნილ ბრალდებებს ვლადიმირ პუტინთან რაიმე ალიანსის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სლოვაკეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ უკრაინის დაუცველი და სერიოზულად დაზარალებული ადამიანებისთვის შესაძლებლობების ფარგლები ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება.

„გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა არ უნდა უგულებელყონ ის ფაქტი, რომ უკრაინის ტერიტორიით ტრანსპორტირებული რუსული გაზი უკრაინას მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის გადამწყვეტია“, – აცხადებენ სლოვაკეთის საგარეო უწყებაში.

დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან უკრაინა „გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტშია“, მან „თავი უნდა შეიკავოს ახალი მოწინააღმდეგეების შექმნისგან, ან „მეორე ფრონტის“ იდეის გამოგონებისგან“.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, დაიცვას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები. ის იმოქმედებს შესაბამისად, იმის მიუხედავად, მოიწონებს თუ არა ამას უკრაინული მხარე“, – აღნიშნულია სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინამ 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე უარი თქვა. ფიცომ პირობა დადო, რომ განიხილავდა საპასუხო ზომებს, კერძოდ, უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობას.

სლოვაკეთის პრემიერის მუქარაზე კომენტარის გაკეთებისას ზელენსკიმ თქვა, რომ „როგორც ჩანს, პუტინმა  ფიცოს დაავალა, გახსნას მეორე ენერგეტიკული ფრონტი უკრაინის წინააღმდეგ სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე“.