ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 9 პირი შეიყვანეს. ინფორმაციას პირველ არხი ბოლნისის საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლინიკის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე, თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
ბოლნისის საავადმყოფოსთან ამ დროისთვის დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.