ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი – მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი! თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიური! – ეს განცხადება “ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, “რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული პოსტების პასუხად გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ “პრეზიდენტი ტრამპი 24-საათი საქართველოზე ფიქრებში გაატარებდა, მაგრამ ტრამპის პოლიტიკა “ქართული ოცნების“ პოლიტიკას 90%-ით ემთხვევა“.
მაჭარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ შეიცვლება.
“საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპის პოლიტიკა იყო უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ოჯახური ღირებულებები, ხოლო ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის პოლიტიკა იყო უკრაინაში ომის გაგრძელება და აშშ-ში ტრანსგენდერების განვითარება. ამერიკელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მშვიდობის დამყარება და ოჯახის ღირებულბები აირჩია, რითაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკა უნდა განხორციელდეს და განხორციელდება აშშ-ში.
ამერიკელმა ხალხმა აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია და არა ჯო უილსონი, რომელიც არ ვიცით, მომავალ ადმინისტრაციაში რა თანამდებობას დაიკავებს – მთავარი არ არის, რას იტყვის უილსონი! მთავარია, რა პოლიტიკა გატარდება ზოგადად აშშ-ში.
თუ ვინმეა გავლენიანი ფიგურა აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაში ეს არის ილონ მასკი, რომელიც პირდაპირ უწოდებს ზელენსკის ჩემპიონს ფულის ძარცვაში – ეს ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის და გავლენიანი მილიარდერის სიტყვებია. თუ ვინმეს არალეგიტიმურობაზე შეიძლება საუბარი, თავად ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკია არალეგიტიმური და სჯობს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.
მნიშვნელოვანია, რას იტყვის უილსონი თუ რას იტყვის მომავალი პრეზიდენტი ტრამპი და გავლენიანი თანამდებობის პირი მის ადმინისტრაციაში?!
ყველას ვურჩევ, გადახედოს რა პოლიტიკა მიდის მსოფლიოში – ვინც არ უნდა იყოს აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენ ჩვენს პოლიტიკას არ შევცლით. საქართველოს პოლიტიკა თანამედროვე ევროპულ ღირებულებებს ესადაგება და ევროინტეგრაცია ქართულ ღირებულებებზე დაყრდნობით იქნება, რასაც მომავალში ჯანსაღი ევროპული სახელმწიფოები დააფასებენ”, – აღნიშნა მან.
აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტი პლატფორმა X-ზე 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. უილსონი წერს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ იქნება უკანასკნელი სანქცირებულთა შორის.
“თუ თქვენ ხართ კორუმპირებული “ქართული კოშმარის” ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში, ახლა დროა, ჩამოხვიდეთ. ივანიშვილი იყო პირველი, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი. ჯერ კიდევ არის დრო, თავი გადაირჩინოთ, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ დარჩებით სამუდამოდ. არა ფული, არა მოგზაურობა”, – დაწერა ჯო უილსონმა.
ჯო უილსონმა დაწერა ისიც, რომ ახალი აქტის წარდგენას გეგმავს.
“მე წარვადგენ “ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართება“, – ნათქვამია უილსონის პოსტში.