ოლაფ შოლცი: გერმანიაში არჩევნების ბედს სოციალური ქსელების მეპატრონეები ვერ გადაწყვეტენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის ამომრჩეველს მოუწოდა სოციალური ქსელების მეპატრონეებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტის უფლება არ მისცენ იმ ფონზე, როცა მილიარდერი ილონ მასკი ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერს მხარს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

როგორც შოლცმა მის წინასაახალწლო მილოცვაში თქვა, მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ „სად წავა გერმანია“ 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ. „ამას სოციალური ქსელების მფლობელები ვერ გადაწყვეტენ“, – აღნიშნა შოლცმა.

გერმანული საზოგადოების ბედი „ჭკვიანი და ღირსეული ადამიანების დიდ უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული“, – დასძინა გერმანიის კანცლერმა.

მან მასკი პირდაპირ არ ახსენა, თუმცა მოუწოდა გერმანელებს წინ აღუდგნენ მანიპულაციებს და დაიცვან დემოკრატია. „ბოლოსდაბოლოს ახალი წლის ღამეს სურვილების ჩაფიქრება ხდება. მე ვისურვებდი, რომ ჩვენ საკუთარი თავის მოტყუების საშუალება არ მივცეთ“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.