სეულის სასამართლომ პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის მიმართ დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ეს არის სამხრეთ კორეაში მოქმედი პრეზიდენტის დაკავების პირველი ორდერი. ორდერი მას შემდეგ გასცეს, რაც იოლმა, უგულებელყო საგამოძიებო ორგანოების არაერთგზის თხოვნა, მისულიყო დაკითხვაზე და მათთვის ოფისში ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა.
პრეზიდენტ იოლის გუნდმა ორდერს „უკანონო და ბათილი“ უწოდა.
„სამხრეთ კორეა პოლიტიკურ კრიზისშია ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ,“ – წერს უცხოური მედია.
დაკავების ორდერი 6 იანვრამდეა ძალაში.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება სცადა, მაგრამ სულ რამდენიმე საათის შემდეგ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ქვეყნის პარლამენტმა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. ამ საკითხს არც მმართველმა პარტიამ, არც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია პრეზიდენტის ქმედებებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებს.
პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო მდგომარეობა მინისტრთა კაბინეტმაც გააუქმა და რომ სამხედროებმა, რომლებმაც სამხედრო მდგომარეობა უნდა აღესრულებინათ, საკუთარ ნაწილებში დაბრუნების ბრძანება მიიღეს.
4 დეკემბერს პრეზიდენტის აპარატის სრული შემადგენლობა გადადგა. პრეზიდენტის ოპონენტებმა „დემოკრატიულ პარტიაში“, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, განაცხადეს, რომ თუ იუნ სოკ იოლი საკუთარი ნებით არ გადადგა, ისინი იმპიჩმენტის პროცედურად აამოქმედებენ.