მონტენეგროში შეიარაღებულმა კაცმა 10 ადამიანი მოკლა, მათ შორის ორი ბავშვი

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში მდებარე ბარში სროლას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ AP იტყობინება.

სროლა მონტენეგროში

მონტენეგროს შინაგან საქმეთა მინისტრმა დანილო შარანოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მამაკაცმა ბარის მფლობელი, მისი შვილები და ოჯახის წევრები მოკლა. სროლას წინ ჩხუბი უძღოდა.

თავდამსხმელი 45 წლის აკო მარტინოვიჩია. პოლიციამ მის მოსაძებნად სპეციალური ჯარები გაგზავნა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა.

პოლიციის კომისარ ლაზარ შეპანოვიჩის თქმით, თავდამსხმელმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც სამართალდამცავებმა ალყა შემოარტყეს შენობას, სადაც ის იმყოფებოდა. მამაკაცი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, მარტინოვიჩი დღის განმავლობაში ბარში სხვა სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ჩხუბი დაიწყო. შემდეგ ის სახლში წავიდა, იარაღი აიღო და ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:30 საათზე ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ბარში ოთხი ადამიანი მოკლა და წავიდა, შემდეგ კი სროლა კიდევ სამ ლოკაციაზე გააგრძელა.

„მან კიდევ ოთხი ადამიანის მოკვლა ცადა და შემდეგ გაიქცა იმ მანქანით, რომელიც ვიპოვეთ”, – დასძინა შეპანოვიჩმა.

მისივე თქმით, ეჭვმიტანილს ძალადობრივი ქცევისთვის 2005 წელს პირობითი მსჯავრი მიესაჯა და გაასაჩივრა ბოლო განაჩენი იარაღის უკანონო ტარებისთვის. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ის ცნობილი იყო არასტაბილური და ძალადობრივი ქცევით.

მომხდარს მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრაგედიით „შოკირებული და შეძრწუნებულია“.

პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.