აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად განიხილა შესაძლო თავდასხმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბომბის შექმნას მიუახლოვდება,- ამის შესახებ Axios-ი წერს.
„თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პრეზიდენტ ბაიდენს წარუდგინა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის პოტენციური თავდასხმის ვარიანტები, თუ ირანელები 20 იანვრამდე (ტრამპის ინაუგურაციის დღეს) ნაბიჯს გადადგამენ ბირთვული იარაღის შექმნისკენ“, – იტყობინება გაზეთი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
Axios აღნიშნავს, რომ შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა აქამდე შეხვედრა საიდუმლოდ რჩებოდა. აშშ-ის დარტყმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე იქნება უზარმაზარი თამაში აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც პირობა დადო, რომ არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღის შექმნას, მაგრამ, ასევე, რისკავს ახალი კონფლიქტის დაწყებას, რომელიც გადაეცემა თავის მემკვიდრეს.
ბაიდენმა და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა განიხილეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტები და სცენარი, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
წყაროს თქმით, ამჟამად თეთრ სახლში არ მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით.
ამავდროულად, ბაიდენის ზოგიერთი მთავარი თანაშემწე აცხადებს, რომ ორმა ტენდენციამ – ირანის ბირთვული პროგრამის დაჩქარება და ირანისა და მისი მარიონეტების შესუსტება ისრაელთან ომში – შეიძლება უბიძგოს ბაიდენს დარტყმისკენ.
გამოცემა დასძენს, რომ ბაიდენის მმართველობის პერიოდში ირანის ბირთვული პროგრამა საგრძნობლად დაწინაურდა, რის შედეგადაც ირანი ფაქტობრივად იქცა „ბირთვული იარაღის ზღურბლზე მყოფ სახელმწიფოდ“.
ამავდროულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი გადაწყვეტს ბომბის შექმნას, მას დასჭირდება ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის ან ქობინის შექმნა. ისრაელის დაზვერვის აზრით, ამას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.