სტატიას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გახსენებაა ძველისა, საბჭოური ცხოვრებისა, ჩემს მიერ გავლილისა, რომელსაც სისტემატურად, ნეგატიურად იხსენებენ — საბჭოთა კავშირი იყო „რეპრესიების ქვეყანა, ხალხთა წამების, აუტანელი ცხოვრების შემქმნელი“ და ა.შ.
ახალი თაობის ადამიანს, გამუდმებული ლანძღვა-გინება წარსული ცხოვრებისა, საბჭოურისა, არა თუ აფიქრებინებს, არამედ დაარწმუნებს საბჭოთა სისტემის საშინელებაში. ნუთუ, ასეთ გაუსაძლისობაში ვცხოვრობდი? — ხშირად ვუსვამ თავს კითხვას. პასუხი მარტივი და გასაგებია — იმ ცხოვრებიდანვე გამომდინარე.
ტყუილია, პატივცემულებო, ის, რასაც თქვენ ამბობთ. ტყუილია, ახალგაზრდებო, რასაც თქვენ იმეორებთ ვიღაც გადამთიელის მიერ ნაკარნახევს. მათი მიზანი იყო და არის საბჭოთა კავშირის ლანძღვა-გინება, მისი მემკვიდრის, რუსეთის ლანძღვა-გინება.
საბჭოეთის ლანძღვა გასაკვირი არ იყო და არის, ვინაიდან ლენინის მიერ შექმნილი საბჭოური სისტემა, სტალინის მიერ მტკიცე ფეხზე დაყენებული — ხალხთა თანაფარდობაზე გამიზნული, საფრთხე იყო კაპიტალიზმისთვის.
მაგრამ რუსეთი, ისეთივე კაპიტალისტური, როგორიც დასავლური, და არა მარტო დასავლური, იდეოლოგიური საფრთხეა კაპიტალიზმისთვის?!
თანამედროვე ცხოვრება გვაჩვენებს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის სიძულვილი სოციალიზმის იდეების გავრცელების შიშით არ არის გამოწვეული. იდეოლოგია არაფერ შუაშია, როდესაც გულში სხვისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდების სურვილი გამოძრავებს.
დასავლეთს, რუსეთის უკიდეგანო წიაღისეული სიმდიდრეები იზიდავს. მისი დაპატრონება სურს, მაგრამ როგორ? თანამედროვე „ფერადი რევოლუციებით“?
არ გამოუვიდა!
თვით რუსეთში ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის გაშლით, საყოველთაოში გადაზრდილით და ხელისუფლების დამხობით?
არც ეს გამოუვიდა.
რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბლოკის მიყენებით და იქ განლაგებული რაკეთებით — რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებულით, კრემლის დაშინებით და მისი კაპიტულაციით?
არც ეს გამოუვიდათ. რაც გამოუვიდათ ანტირუსული პროპაგანდაა — ფართო, ყოვლის მომცველი, გულის ამაზრზენი, მაგრამ მიზნის მიმწღევი.
ანტირუსულმა პროპაგანდამ გადააქანა უკრაინელი, ანუ იგივე რუსი და საკუთარი სისხლის და ხორცის წინააღმდეგ აამხედრა. 32 წელია უკრაინელს, უკრაინაში მცხოვრებს, მუდმივ რეჟიმში ჩასჩიჩინებენ რუსეთის სიძულვილს; რომ რუსი, უკრაინას ხელს უშლის განვითარებაში; რომ რუსი უჭკუო არსებაა, განუვითარებელი ადამიანია, რომელიც არ უნდა არსებობდეს. კარგი რუსი მკვდარი რუსია. „მოსკალიატა“ „მოგილიატა“ და ა.შ.
და არა მარტო უკრაინელი დაატაკეს რუსს, სომეხი დაატაკეს აზერბაიჯანელს, ომებიც გაამართვინეს; ცენტრალური აზიის ქვეყნებს ათქმევინეს, რომ საბჭოთა რუსეთი ოკუპანტი იყო, რომელიც ხელს უშლიდა ამ ქვეყნების წინსვლას, ეროვნულ ნიადაგზე სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას.
ავიღოთ მოლდოვა. ამ თითის სიგრძის პატარა რესპუბლიკას ომი გაამართვინეს დნესტრისპირეთთან, პრობლემები შექმნეს გაგაუზებსა და მოლდოვის ხელისუფლებას შორის. რაღა შორს წავიდეთ, საქართველოს მაგალითი საკმარისი არ არის?
ომები ქართველებსა და აფხაზებს შორის, ომები ქართველებსა და ოსებს შორის. დაპირისპირება ცენტრსა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებს შორის, გამსახურდიას ბრიყვული პოლიტიკიდან გამომდინარე. და ეს ყველაფერი „დემოკრატიამ“, „თავისუფლებამ“ მოგვიტანა — დასავლურმა, მათმა პროპაგანდამ.
ჰქონდა თუ არა მგსგავს პროცესებს ადგილი საბჭოთა კავშირის დროს?
ვერ ვიხსენებ, თუმცა ჯერ-ჯერობით მეხსიერებას არ ვუჩივი. არათუ ეროვნებათა ერთმანეთთან დატაკება, ერთმანეთის აუგად მოხსენიებაც კი მიუღებელი იყო. საბჭოთა სისტემა, ხალხთა მეგობრობაზე აწყობილი, წამითაც არ იძლეოდა ერთაშორისი დაპირისპირების მცირე შანსსაც კი.
გაგიკვირდებთ, მაგრამ გასაკვირი არაფერია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის მიერ დასავლეთის, კაპიტალისტური სისტემის, კაპიტალისტური ქვეყნების ლანძღვაც კი მიუღებელი იყო. იყო კრიტიკა, თუმცა არა ზღვარგადასული, არა ისეთი, როგორიც დღეს, დასავლეთი რომ რუსეთს ლანძღავს.
როდესაც ვიხსენებ წარსულს, განსაკუთრებით საბჭოურ პროპაგანდას, მივიჩნევ რომ ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, არ ასახავდა დასავლეთის ცბიერ, ცინიკურ სახეს, ხარბს, გაუმაძღარს, აგრესიულს, ანუ ისეთს, როგორსაც დღეს ვხედავთ.
საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის დათბობის პერიოდი გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან დაიწყო. საბჭოთა კავშირს მოაწყდა კაპიტალისტური ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს ჯგუფური ტურისტები, საკავშირო საზოგადოება „ინტურისტის” ხაზით. გააქტიურდა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების მუშაობაც, რომელიც მასპინძლობას უწევდა ევროპელ მეცნიერებს, ქართველოლოგებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს.
მოგვიანებით, როდესაც „ინტურისტიდან” საგარეო საქმეთა სამინისტროში გადამიყვანეს, საგარეო საქმეთა მინისტრის არჩილ გიგოშვილის დავალებით, ის იმავდროულად საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თავმჯდომარე იყო, ვმუშაობდი ცნობილ ბრიტანელ ქართველოლოგებთან ალენთან, ლენგთან, მწერალ ოლდრიჯთან. ისინი სისტემატიურად სტუმრობდნენ საქართველოს და მეც, როგორც ძველი მეგობარი ვმასპინძლობდი მათ.
სტუმრებს შეხვედრები ჰქონდათ ქართველ კოლეგებთან, მწერლებთან, მთარგმნელებთან ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ოჯახების კარი ყოველთვის ღია იყო მათთვის. არავითარ თვალთვალს, უცხოელების დევნას კგბ-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რომ ჰქონოდა —შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ცხადია, იყო ყურადღება უცხიელებისა და მათი მასპინძლების უხილავად, მაგრამ არა ისეთი, რასაც ზოგერთი უცოდინარი დღეს წერს ან აცხადებს.
„ინტურისტის” თბილისის განყოფილებაში მუშაობის დაწყებამდე, ვსწავლობდი თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე. მანამდე სპორტშიც მოვსინჯე ძალები. ჯერ ფარიკაობაში, შემდეგ ფეხბურთში. ფეხბურთელობამ გარკვეული დამატებითი ქულები შემძინა ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარების დროს. ტრავმის გამო მომიხდა ფეხბურთის ვარჯიშების გამოტოვება. მაშინ ცნობილ გუნდში, თბილისის „ლოკომოტივში” ვირიცხებოდი, რომლის საწვრთნელი ბაზა დიღომში, თბილისის „დინამოს” საწვრთნელი ბაზის გვერდით იყო.
ინსტიტუტში ჩარიცხვის შემდეგ, სწავლისადმი დიდი სურვილი არ გამჩენია, სხვა პრობლემებმა იჩინეს თავი — ხელმოკლეობამ. დედას, რომელიც მზრდიდა, დედობას და მამობას მარტო მიწევდა, არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი შემოსავალი, რამაც მაიძულა მუშად დამეწყო მუშაობა თოჯინების ქარხაში, რომელიც იმჟამად ვაკე-საბურთალოს ქუჩის ბოლოს, პავლოვის პროსპექტთან ახლოს მდებარეობდა.
ჩემს მოვალეობაში შედიოდა ფხვიერი პლასტმასის გაცრა, რომელიც შემდეგ ცხელ ყალიბებში იყრებოდა — პლასტმასის თოჯინების გამოსადნობად. ჩემს გარდა რამდენიმე მცრელი იყო დიდ ოთახში, სადაც გაცრილი პლასტმასის ბუღი იდგა.
ერთი წლის მუშაობის შემდეგ დამეწყო ხველება, რამაც მაიძულა ექიმთან მისვლა. პლასტმასის ფხვნილის სუნთქვას ფილტვების დაზიანება მოჰყვა. ექიმმა ამიკრძალა მუშაობა. ასე დავემშვიდობე ქარხანას და დავიწყე ინტენსიური სწავლა ენისა, მასთან ერთად ვარჯიში კულტურიზმში, ბოდი-ბილდინგში — უნივერსიტეტის დარბაზში, მწვრთნელ კაპცოვის დარიგებით.
კულტურიზმმა შემაჩვია შეუპოვარ ვარჯიშს, საკუთარი თავის წვრთნას —- დღეში 2-3 საათის განმავლობაში და მასთან ერთად ინგლისური ენის სწავლას განუწყვეტლივ რეჟიმში — ტექსტების დაზეპირებით, კითხვით, კითხვით, ულტრა-მოკლე ტალღებზე ამერიკული რადიო გადაცემების მოსმენით.
ჩემმა ნათესავმა, ზაირა სულუხია-გველესიანმა, რომელიც „ინტურისტში” მუშაობდა, რეკომენდაცია გამიწია „ინტურისტის” გიდ-თარჯიმნების კურსებზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლექციებს გვიკითხავდნენ იმჟამინდელი სახელგანთქმული მეცნიერები, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკები. მათ შორის იყვნენ ვახტანგ ბერიძე — ხელოვნებათმცოდნე, ლევან მატარაძე — მინისტრთა საბჭოს კულტურის განყოფილების გამგე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორები. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, დავინიშნე „ინტურისტის” სეზონურ გიდ-თარჯიმნად, რაც საშუალებას მაძლევდა მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მემუშავა უცხოელ ტურისტებთან უკვე გამოცდილი გიდ-თარჯიმნების გვერდით, როგორებიც იყვნენ ინგლისური ენის განხრით — გელა ჩარკვიანი, ილია ტუმაჯანოვი, თემო ცაგარელი, თამარ ჩოფიკაშვილი, როზა შაიხეტი, ნონა თურქია; გერმანულის — ვლადიმერ ინაშვილი, ციური ჭაია; ფრანგულის — ვაჟა გიორგაძე, კოტე გედევანიშვილი, ოტია სოხაძე, სხვები.
თარჯიმნების ბიურო განთავსებული იყო სასტუმრო „თბილისის” პირველი სართულის დიდ ოთახში, დარბაზის მსგავსში. მას ხელმძღვანელობდა ალექსანდრე (საშა) ეიდერმანი, საჯარო სამსახურის, განსაკუთრებით ტურიზმის დარგში გამოცდილი მუშაკი, ინგლისური ენის მცოდნე. ყველანი ერთად ვისხედით.
ბიუროს მუშაკების სამუშაო საათები არანორმირებული იყო — დილიდან გვიან ღამემდე, ხშირ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში. რა შედიოდა გიდ-თარჯიმნის მოვალეობაში?
ბიუროს ხელმძღვანლის მიერ დაკისრებული დავალების შესრულება.
ბატონი საშა ანაწილებდა ტურისტულ ჯგუფებს ჩვენს შორის. გიდ-თარჯიმანი, რომელიც იღებდა დავალებას, ვალდებული იყო შეედგინა ტურისტებისთვის საქართველოში ყოფნის პროგრამა, პროფესიის გათვალისწინებით. მაგალითად, ფერმერებისთვის, გარდა თბილისისა და მცხეთის ღირშესანიშნაობების, მუზეუმების დათვალიერებისა, საბჭთა მეურნეობის გაცნობა, ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის, შამპანური ღვინოების კომბინატის, დეგუსტაციით.
მედიცინის მუშაკებისთვის — სამედიცინო დაწესებულებების, მრეწველობისთვის — რუსთავის მეტალურგიული კომბინატის, „კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი“ ქარხნის, „31 საავიაციო“ ქარხნის, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებს „მიგებს“ ამზადებდა, ელმავალმშენებელი ქარხნის და ა.შ.
აქვე აღვნიშნავ, რომ თარჯიმნებს დაზეპირებული გვქონდა მოსკოვის მიერ გამოცემული ბუკლეტ-ლექსიკონები დარგებისდა მიხედვით შედგენილი, სამრეწველო ტერმინოლოგიით, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა. უცხოური ენის ბრწყინვალე მცოდნეც კი ვერ თარგმნის მეტალურგიისთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას თუ მან არ იცის ასეთი.
ტერმინოლოგიის დაზეპირება შეიძლება, მაგრამ ნაკლებ სარგებელს მოიტანს თუ სიღრმისეულად არ ჩაწვდებით თემას, ამ შემთხვევაში მაგალითად მეტალურგიას. ასე რომ, დარგობრივი თემების შესწავლამ ხელი შეგვიწყო საერთო ცოდნის შეთვისებაში, სახალხო მეურნეობის სიღრმისეულ წვდომაში; სახელმწიფო სისტემის ანბანის შესწავლაში; პარტიული და აღმასრულებელი ორგანოების დამოკიდებულებაში სახალხო მეურნეობის დარგებთან.
„ინტურისტმა“ გვასწავლა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ქვეყნის სტაბილურობისთვის გაწეული მუშაობის თაობაზე უცხოელი ვიზიტორების სტუმრობის დროს. გიდ-თარჯიმნები ფრონტის წინა ხაზზე მომუშავენი და უშიშროების სამსახურის მუშაკები უხილავ ფრონტზე, ერთ საქმეს ვაკეთებდით — საბჭოთა კავშირის, საბჭოთა საქართველოს ისტორიის, კულტურის, მეცნიერების, ეკონომიური წარმატებების გაცნობას უცხოელებისთვის ტაქტიანად, ზრდილობიანად, პროფესიონალურად, უცხოელებისადმი პატივისცემის და არა მლიქვნელობის გამოვლინებით, რასაც დღეს აქვს ადგილი.
ჩვენი მიზანი იყო საქართველოს ღირსეული წარმოჩინება, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის, რამაც შედეგი გამოიღო. ზემოთ აღვნიშნე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან საბჭოთა სახელმწიფოს საზღვრის გაღების თაობაზე, რამაც დასავლეთის დიდი ინტერესი გამოიწვია, ისე, როგორც მოჭარბებული ტურიზმი.
კრემლის პოზიცია იყო დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობების შეცვლა, რასაც მოჰყვა აშშ-სსრკ-ს მაღალ დონეზე მოლაპარაკებები, შესაბამისი ხელშეკრულებების დადება. ამ პერიოდს ინგლისური სიტყვა „დეტანტიც“ შეაშველეს, თბობის, ყინულის ლღვობის გამომხატველი.
აი, ამ „დედანტს“ ვემსახურებოდით ჩვენ, „ინტურისტის“ გიდ-თარჯიმნები, რომლებსაც დავალებული გვქონდა თბილისის აეროპორტში დახვედრიდან, ვიზიტის დასრულების შემდეგ, აეროპორტში გაცილებით, მასპინძლობა გაგვეწია ტურისტებისთვის. ჩვენ, თვითონვე შეგვეთანხმებინა ღირსშესანიშნავი ობიექტების ხელმძღვანელებთან მისვლის დრო, მოგვეგვარებინა მთელი რიგი საკითხები ტრანსპორტით გადაადგილებასთან, კვებასთან, კულტურულ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
უცხოელი ტურისტისთვის ჩვენ ვიყავით პირდაპირი დამაკავშირებელი საქართველოსთან, რაც გვიზრდიდა პასუხისმგებლობას.
იკითხავთ — როგორ აღიქვამდა უცხოელი საბჭოთა კავშირს, საქართველოს?
ამერიკელი, და არა მარტო ამერიკელი ტურისტი, ისე, როგორც ვიზიტიორი, საბჭოთა კავშირს გაოცებული უყურებდა. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ჩვენი ქვეყანა უცნობი იყო, ამდენად საქართველოს აღიქვამდა საბჭოთა კავშირის ნაწილად. გეტყვით იმასაც, რომ თვით საბჭოთა კავშირზე მათი ცოდნა არ სცდებოდა იმჟამინდელ პროპაგანდას, როგორიც იყო რუსეთის ქალაქებში — მოსიარულე დათვები, არყით გამომთვრალი რუსი, ბალალაიკით ხელში და ა.შ. იცოდნენ ისიც, რომ საბჭოთა კავშირმა დაამარცხა ფაშისტური გერმანია, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის დახმარებით. იცოდნენ სტალინის შესახებ და ისიც, რომ საბჭოთა კავშირმა დაიპყრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ხელისუფლებაში მოიყვანა მარიონეტული მთავრობები.
უცხოელების, საბჭოთა ადამიანზე წარმოდგენა, გარდა ზემომოყვანილისა, იყო შემდეგი — უხეში, უზრდელი, აგრესიული, მუდამ მოღუშული, რომელიც ემუქრება აშშ-ს ბირთვული ბომბებით. აშშ-ს პროპაგანდისტულმა მანქანამ, დიდწილად ჰოლივუდურმა, შექმნა სახე საბჭოელისა, აშკარა მტრისა აშშ და მისი მოკავშირე ქვეყნების.
შინ გავლილი პროპაგანდის შემდეგ, ნიგვზის ასხმის მდუღარე თათარაში ამოვლებულის მსგავსად თუ რა განწყობა ექნებოდა უცხოელს მასპინძლის მიმართ, გასაკვირი არ არის. აი, ამ ცრუ წარმოდგენის დამსხვრევას ვემსახურებოდით „ინტურისტის“ გიდ-თარჯიმნები მოსკოვიდან დაწყებული, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში, სადაც იყო საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტის“ განყოფილებები.
უცხოელთა გასაკვირად, მათ ხვდებოდათ გაღიმებული ადამიანი, უცხო ენაზე მოლაპარაკე, პროფესიონალი, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობა-დათვალიერებაში, სხვადასხვა სახის ობიექტების მონახულებაში, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებაში.
უცხოელებისთვის გასაოცარი იყო საბჭოთა სახელმწიო სისტემის წყობა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების განვითარების ხარისხი. უცხოელებს უკვირდათ, რომ ყველა ეროვნულ რესპუბლიკას ჰქონდა მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი მშობლიურ ენაზე, ასევე სახელმძღვანელოები მშობლიურ ენაზე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები. მოსწონდათ ეროვნული კერძები, ღვინო, ქართული სუფრის ტრადიცია, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, ქართული საოპერო ხელოვნება, სპორტი.
„ინტურისტის“ მოსამზადებელი კურსების დამთავრების შემდეგ, ტურისტებთან მუშაობის პირველი ნათლობა გავიარე „ინტურისტის“ უკვე გამოცდილ მუშაკთან ვლადიმერ ინაშვილთან — გერმანული, რუსული, ინგლისური ენების ზედმიწევნით კარგ მცოდნესთან, რომელსაც დაავალეს გერმანული ტურისტული ჯგუფის გიდ-თარჯიმნობა და მასთან ერთად ჩემთვის, როგორც სტაჟიორისთვის, გიდობის დამახასიათებელი ნიუანსების გაცნობა.
თბილისის შემდეგ, ტურისტები საქართველოს სამხედრო გზის გავლით, ჩრდილო ოსეთში, ორჯონიკიძეში ჩავიყვანეთ. მოგზაურობის დროს არაერთი გაჩერება გვქონდა ისტორიული ძეგლების დათვალიერების მიზნით. გამაოცა ვლადიმერის ღრმა ცოდნამ საქართველოს, რუსეთის, თვით გერმანიის ისტორიის, კულტურის, ხელოვნების. ინაშვილი ჩემს თვალწინ წარმოდგა დახვეწილ ინტელიგენტად, უაღრესად განათლებულად, მუსიკის, ფერწერის მცოდნედ. ის, დიდი სანდრო ინაშვილის — ოპერის სოლისტის, ვანო სარაჯიშვილის მეგობრის დის შვილი იყო. ფოთის ქუჩაზე ცხოვრობდა, ეზოიან სახლში, აივნებიანში, საერთო ტუალეტით და ეზოს ცენტრში საერთო ონკანით.
ასე დაიწყო ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც სულ ახლახანს, დეკემბრის ბოლოს შეწყდა, მისი გარდაცვალებით.
ვლადიმერ ინაშვილის სახით ქვეყანამ დაკარგა ინტელიგენტი. ასეთები იშვიათად იბადებიან. მას არ დაუტოვებია ქაღალდზე გადატანილი მეცნიერული ნაშრომი, რომანი, მოთხრობა, არადა შეეძლო. მას არც შთამომავლობა დაუტოვებია — დაუოჯახებული იყო. მაგრამ მან დატოვა უაღრესად დადებითი ადამიანის სახე, ყველა ჩვენგანში, ვინც ჯერ-ჯერობით ვსუნთქავთ ამ ქვეყანაზე.
„ინტურისტში“ ერთად მუშაობა 1964 წლის დეკემბერში დასრულდა, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტურისტული მოგზაურობის შემდეგ. ვლადიმერს მოსკოვში მუშაობის გაგრძელება შესთავაზეს. ის მოსკოველი გახდა. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, ასწავლიდა გერმანულს უმაღლეს სასწავლებელში, საბოლოოდ ადგილი დაიმკვიდრეა საკავშირო რადიო-ტელევიზიის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებაში, სადაც პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა.
მისი უშუალო ინიციატივით, საქართველოს ხალხური შემოქმედების კოლექტივები კონცერტებს მართავდნენ საზღვარგარეთის ქვეყნებში. საზღვარგარეთის ტელეკომპანიები, რომლებიც დოკუმენტურ ვიდეო-ფილმებს იღებდნენ საბჭოთა ცხცოვრებაზე, სწორედ ვლადიმერ ინაშვილის პროდიუსერული ნიჭის წყალობით აღწევდნენ მიზანს.
ვლადიმერ ინაშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც საბჭოთა კავშირის ტელეჟურნალისტების მიერ უცხოეთში გადაღებულ ვიდეო-მასალას მიგზავნიდა ჩემი გადაცემა „საერთაშორისო დღიურისთვის“, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული გადაცემა იყო საქტელერადიო კომიტეტის, ანუ „პირველი არხის“ — 1980-დან 1991 წლამდე.
„ინტურისტში“ ერთობლივი მუშაობის დასრულებას არ მოჰყოლია ჩვენს შორის კავშირების გაწყვეტა. პირიქით, მოსკოვში ყოფნის და სტაჟირების დროს ჩვენმა ურთიერთობამ ახალი სახე შეიძინა. სისტემატურად მიწევდა მოსკოვში მგზავრობა და აქედან გამომდინარე სისტემატური იყო ჩვენი შეხვედრებიც, რომლის დროს, ვლადიმერის ინიციატივით, დავდიოდი დიდ თეატრში, სხვა თეატრებში, მუზეუმებში, კონცერტებზე.
ვლადიმერი იცნობდა დიდი თეატრის მომღერლებს, ბალეტის ოსტატებს, მსახიობებს, რომლებიც ხშირად გვპატიჟებდნენ სახლებში. ასე გავიცანი დიდი თეატრის პოპულარული მოცეკვავე ვასილიევი, მისი მეუღლე, ბალეტის პრიმა სოლისტი მაქსიმოვა. მათთან სახლშიც ვიყავით, დიდი თეატრის სახელგანთქმული სოლისტი ლისიციანი, მისი შვილები რუბენი, კარინე და რუზანა, ასევე კლასიკური შემსრულებლები, ბალეტმაისტერი კორინი, სხვები.
იმ მაყურებელთა შორის, ვინც მოესწრო მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავის რუდოლფ ნურეევის ცეკვას, ჩვენც ვიყავით, მოსკოვის საესტრადო თეატრის სცენაზე, სადაც ჩატარდა საბჭოთა ბალეტის ფესტივალი. ნურიევი მაშინ არ ატარებდა მსოფლიო ვარსკვლავის ტიტულს. ეს, მან ამერიკაში დარჩენის შემდეგ მოიპოვა.
„ინტურისტიდან“ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადამიყვანეს მოულოდგნელად. გდრ-ში ტურისტული მოგზაურობის შემდეგ, მოსკოვში დავბრუნდით და რამდენიმე დღე იქ დავყავით, თუმცა იქ ყოფნის პროგრამა თბილისიდან გაკეთებულმა სატელეფონო ზარმა ჩაგვიშალა. „ინტურისტიდან“ დარეკეს და მიბრძანეს თბილისში სასწრაფო დაბრუნება.
დაბრუნებულმა, მივაკითხე გიდ-თარჯიმნების ბიუროს ხელმძღვანელს ალექსანდრე ეიდერმანს, რომელმაც მითხრა, რომ მეძებს პროფესორი ილია ტაბაღუა, ისტორიის ინსტიტუტის მუშაკი, იმავდროულად საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრის არჩილ გიგოშვილის თანაშემწე. ეიდერმანი ტელეფონით დაუკავშირდა ილია ტაბაღუას, რომელიც მოვიდა „ინტურისტში“ და დამელაპარაკა. მან მითხრა, რომ სურს ჩემი გადაყვანა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი მდივნის თანამდებობაზე და ეს საკითხი უკვე შეთანხმებული აქვს მინისტრთან.
ილია ტაბაღუას ადრეც ვიცნობდი, რამდენიმეჯერ უცხოელ სტუმრებთან თარჯიმნად მუშაობის დროს. მას მოსწონდა ცემი თარგმნა, უცხოელებთან ურთიერთობა, რამაც გადააწყვეტინა ჩემთვის შემოეთავაზებინა დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გაგრძელება.
მოულოდნელმა შემოთავაზებამ დამაბნია, თუმცა ალექსანდრე ეიდერმანის კატეგორიულმა მოწოდებამ, დავთანხმებულიყავი, თავისი გაიტანა. ასე და ამრიგად, 1965 წელი, ახალი, ჩემთვის არცთუ უცხო ცხოვრებით დავიწყე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსებული იყო ორბელიანების სასახლეში, ათონელის ქუჩაზე. შენობაში, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის სასახლეა. იმავე შენობაში იყო საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საქართველოს საზოგადოება.
ორივე ორგანიზაციას არჩილ გიგოშვილი ხელმძღვანელობდა, განათლებული, გამოცდილი პარტიული და სახელმწიფო მუშაკი, რომელიც მამის მზრუნველობას არ აკლებდა სამინისტროსა და საზოგადოების მუშაკებს. სწორედ მისი ძალისხმევით სამინისტროსა და საზოგადოების მუშაკები დაკმაყოფილებული იქნენ საცხოვრებელი, იზოლირებული ბინებით, მათ შორის მეც ვიყავი — 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც წილად მხვდა ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდ საცხოვრებელ სახლში ოროთახიანი ბინა. მანამდე გოგებაშვილის მე-2 გასასვლელში მდებარე ძველ ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც დედაჩემმა შეიძინა „ობლიგაციის“ გათამაშების დროს მოგებული ფულით.
გოგებაშვილამდე, ბარნოვის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში, ალბათ 7 კვ. მეტრის, დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდით. სახლი ორსართულიანი იყო, საერთო ეზოთი და ონკანით. იქ ცხოვრობდნენ სახელგანთქმული ქართველი კინემატოგრაფისტები, რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი, ელო ანდრონიკაშვილი, ვასილ არაბიძე, ჭაბუა ამირეჯიბი. ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა მღვდელი იყო, რომელმაც სახლში მომნათლა, ნათლიები კი იყვნენ ყველანი, ვინც იმ ეზოში ცხოვრობდა.
დედაჩემი, მახარაძის რაიონში მცხოვრები, 30-იან წლებში ჩამოვიდა თბილისში და ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, სადაც გაიცნო მამაჩემი. მათი ერთობლივი ცხოვრება ხანმოკლე გამოდგა.
გოგებაშვილის ქუჩის სახლში — ოთახნახევრიან ბინაში, რომელიც სასახლედ მოსჩანდა ბარნოვის ქუჩის ბინასთან, დავიწყე ახალი ცხოვრება — საერთო ეზოთი, საერთო ტუალეტით, ეზოს კუთხეში, საერთო ონკანით. ეზოში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანლები, რუსები, ებრაელები, სომხები და ცხადია ქართველები — რომ იტყვიან ინტერნაციონალი, შეხმატკბილებულად, ერთმანეთთან მეგობრულად, ნათესაურად. არ მახსოვს ჩვენს შორის ეროვნულ ნიადაგზე დაპირისპირება. რაც მახსოვს, ის იყო, რომ თუ ვინმე სადილს დაამზადებდა, თეფშით უნაწილებდა ყველას.
მაშინდელი საზოგადოებისთვის მატერიალიზმი, ფუფუნებით ცხოვრება მიუღებელი იყო. კოლექტივიზმი, მუყაითი შრომა, სამშობლოს სიყვარული იყო ყველა ჩვენგანის დამახასიათებელი თვისება. დღეს, ამბობენ, რომ რეპრესიები იყოო, რაც ღიმილს მგვრის. თუ იყო, რატომ არ გვრძნობდით ჩვენ, ჩვენი ახლობლები, ნათესავები?
რატომ არ ვიგრძენი ასეთი „ინტურისტში“ მუშაობის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ან უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში, სადაც გადამიყვანეს საქმეთა მმართველის მოადგილედ, შემდეგ საქმეთა მმართველად. არსად მსგავსს არ შევხედრივარ, არვისგან არ გამიგია. არ მიგრძვნია შიში „რეპრესიული სახელმწიფო მანქანის“ მხრიდან.
ვცხოვრობდით ლაღად დღევანდელი, ხვალინდელი დღის იმედით, სტაბილურით და არა მერყევით, მოულოდნელით და გამოუცნობით, რასაც დღეს აქვს ადგილი. არაერთხელ დამიწერია და მითქვია, რომ შეშინებული, დამფრთხალი ადამიანი ვერ შექმნიდა შედევრებს, რომელიც საბჭოთა კავშირის 70-წლიანი პერიოდის დროს შეიქმნა მწერლობაში, მეცნიერებაში, განათლებაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ყველა დარგში.
ჩვენ გვიყვარდა საქმე, რომელსაც ვაკეთებდით. გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა ქვეყანა, გვიყვარდა საბჭოთა კავშირი, გვიყვარდა საბჭოთა საქართველო და ეს სიყვარული იყო ხალასი, გულწრფელი და არა ფარისიველური, მომხვეჭელური, ფალსიფიცირებული, როგორც დღეს.
განვლილი საბჭოური ცხოვრების ფრაგმენტული გახსენება შემთხვევით არ არის, ყოველდღიური დასავლური პროპაგანდის შედეგია, რომელსაც აჰყვა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა — წარმოუდგენელი ენერგიით, დაუფიქრებლად. ის, ასრულებს დასავლეთის დაკვეთას, ლაფს ასხამს საკუთარ ისტორიას, რომლის შესახებ მან არაფერი იცის. და არა თუ იცის, ვინც იცის, იმათი მოსმენაც არ უნდა. საკუთარი ისტორიის დაუმსახურებლად ლანძღვა-გინება კარგს არ უქადის ქვეყანას, მით უმეტეს მცირეს, სუსტს — ეკონომიკურად, მენტალურად.
ახალი თაობის პროდასავლურობა, ბრმა ლტოლვამ ევროპული „ფასეულობებისკენ“ იწვევს და გამოიწვევს ერის ისტორიული მეხსიერების დეგრადაციას, დასავლური ფარისიველური, ფალსიფიცირებული ფასეულობებისადმი გაუაზრებელ, მონურ ტრფიალს. მონობიდან განთავისუფლება კი მრავალი თაობის მძიმე ამოცანა იქნება, მცირერიცხოვანი ერისთვის ამოუხსნელი.
70-წლიანმა საბჭოურმა ცხოვრებამ შექმნა ქართული ინტელიგენცია ყველა სხვა ქვეყნის ინტელიგენციის თანატოლი, ზოგ შემთხვევაში გაცილებით მაღალი. ამ ინტელიგენტთა შორის იყო ვლადიმერ ინაშვილი —შესანიშნავი, ღრმად განათლებული ადამიანი, რომელიც სულ ახლახანს მარადისობას შეუერთდა. ასეთები იშვიათად იბადებიან.
ჰამლეტ ჭიპაშვილი