სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ.
ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის საბოტაჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონი ევრო იქნება.
მისი თქმით, 7 იანვარს სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთისთვის ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის ან გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია.
„პარტია სმერ-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, ვიმსჯელოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, ასევე უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სლოვაკეთის ტერიტორიაზე, მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“, – აღნიშნა ფიცომ.