სამხრეთ კორეაში სამართალდამცველებმა კორეის პრეზიდენტის დაკავება სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს

სახელმწიფო ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სეოკ-იოლის დასაკავებლად მის რეზიდენციაში შევიდნენ, თუმცა მათ ხელი სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების სამსახურმა შეუშალა.

ამხრეთ კორეის პრეზიდენტი

მედიის ცნობით, რეზიდენციაში გამომძიებლებსა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ასევე, იუნის ასობით მხარდამჭერი იყო გარეთ, რომლებიც ყვიროდნენ, რომ ორდერი უკანონო იყო და თავად დეპარტამენტის დირექტორის დაკავებას ითხოვდნენ.

ასეთი ზეწოლის გამო და ადგილზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების მიზნით გამომძიებლებმა დაკავების მცდელობა შეწყვიტეს. გამომძიებლებს დაკავების ორდერის შესასრულებლად ვადა 6 იანვრამდე აქვთ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაკავების ორდერის აღსრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება მიმდინარე დაპირისპირების გამო და შევაჩერეთ აღსრულება ადგილზე პერსონალის უსაფრთხოების გამო. მიმდინარეობს საქმის განხილვა“, – განაცხადეს ქვეყნის ანტიკორუფციული სააგენტოში.

სეულის სასამართლომ პრეზიდენტის დაპატიმრებისა და მისი რეზიდენციის ჩხრეკის ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს, მას შემდეგ გასცა, რაც პრეზიდენტი ანტიკორუფციული გამოძიების დეპარტამენტმა სამჯერ დაიბარა დაკითხვაზე, თუმცა არც ერთხელ არ მივიდა.

14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

იმპიჩმენტი კი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ 3 დეკემბერს იუნ სეოკ-იოლმა საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა.

დადგენილება ექვსი საათის განმავლობაში მოქმედებდა და ის კრძალავდა პოლიტიკური პარტიების მუშაობას, საპროტესტო აქციებს, გაფიცვებს, შემოღებულ იქნა ცენზურა და სამხედრო ტრიბუნალი. ამან სეულის ქუჩებსა და პარლამენტში, ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია.

დეპუტატებმა შენობის სამხედრო შტურმის დროს ხმა მისცეს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გაუქმებას. 7 დეკემბერს პრეზიდენტმა ტელევიზიით ბოდიში მოიხადა და გადაწყვეტილება გააუქმა.

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება.

იუნ სეოკ იოლი პრეზიდენტად 2022 წელს აირჩიეს.