უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ აღძრა საქმე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 155-ე მექანიზებულ ბრიგადაში დეზერტირობის ფაქტებზე, – იუწყება DW.
ვრცელდება ინფორმაცია 1700 დეზერტირის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ბრიგადა „ანნა კიევსკაია“ საფრანგეთის დახმარებით იყო ფორმირებული.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს და აღნიშნეს მხოლოდ ის, რომ სამხედროების შერჩევა ამ ბრიგადაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეშვეობით მოხდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე აორგანიზებენ ბრიგადის განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე, – განაცხადეს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.
155-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მომზადება საფრანგეთში გაიარეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს სწავლება ჯერ კიდევ ივნისში დააანონსა. ბრიგადაში 5800 ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან დაშლა იქამდე დაიწყო, სანამ ბრძოლის ველზე მოხვდებოდა. მედია ბრიგადაში „ორგანიზაციული ქაოსის“ შესახებ იუწყებოდა.
31 დეკემბერს უკრაინული ონლაინ-გამოცემის „ცენზორ.ნეტის“ მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიგადა 1700-მა სამხედრომ თავისი ნებით დატოვა იქამდე, სანამ ის გაგზავნილი იქნებოდა პირველ ბრძოლაში პოკროვსკის მიმართულებით. როდესაც საჯარისო შენაერთმა ბრძოლა დაიწყო, პირველივე დღეებში დიდი დანაკლისი განიცადა, რადგან არ იყო სათანადოდ აღჭურვილი.
ბუტუსოვის თქმით, ეს მართლაც დანაშაულია, მაგრამ არა ჯარისკაცების, არამედ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის, რომელიც „აგრძელებს ადამიანების სიცოცხლისა და სახსრების ხარჯვას, იმის ნაცვლად, რომ გააძლიეროს გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი ბრიგადები“, – აღნიშნა ბუტუსოვმა.
„ანნა კიევსკაიას“ ბრიგადის შექმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც 14 ახალი ბრიგადის ფორმირებას ითვალისწინებდა. ამ ბრიგადისთვის უკრაინას უნდა ეპოვა პირადი შემადგენლობა, კიევის საერთაშორისო პარტნიორებს კი შეიარაღება უნდა მიეწოდებინა.