ავსტრიის პარლამენტმა მმართველი კოალიცია ვერ შექმნა. კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკება ნოემბრიდან მიმდინარეობდა, მაგრამ ის ჩიხში შევიდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
3 იანვარს ლიბერალური პარტიის, NEOS-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებიდან გადიან. სწორედ ამ პარტიის და ორი ცენტრისტული ძალის, ავსტრიის „სახალხო პარტიის“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ალიანსით საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა იგეგმებოდა, რომელიც არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ, მემარჯვენე-პოპულისტურ ავსტრიის „თავისუფლების პარტიას“ დაუპირისპირდებოდა. მაგრამ ახლა NEOS-ის ლიდერმა ბეატე მაიკლ-რაიზინგერმა განაცხადა, რომ მხარეებმა საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ესენია საპენსიო რეფორმა და საგადასახადო პოლიტიკა.
ექსპერტების პროგნოზით, ახლა „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ და „სახალხო პარტიას“ ორპარტიული კოალიციის შექმნა შეუძლიათ. მათ 183-ადგილიან პარლამენტში 92 მანდატი აქვთ და უმრავლესობას მხოლოდ ერთი ხმით შეინარჩუნებენ. სხვა შემთხვევაში აუცილებელი იქნება ახალი არჩევნების ჩატარება.