აშშ-ის სანქციები, პრინციპში, ნიშნავს იმას, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა – რომ ეს არის არაფორმალურად დაწესებული სანქციების ფორმალიზება. მე ვფიქრობ, ამ სანქციებით შეერთებული შტატები ცდილობს რაღაცნაირად შეარყიოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ ზოგადად, “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციები.
თავად ამ აქტს აქვს, ვფიქრობ, არანაკლები პოლიტიკური დატვირთვა, ვიდრე ფინანსური, რადგან ეს აქტი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში გამოიწვევს გარკვეულ შეშფოთებას, შიშს. როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა გათვლა, რომ მათ გამოაცალონ მხარდამჭერები. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, რომ მან, ამ ფაქტის გათვალისწინებით, უკეთ და ეფექტურად შეძლოს თავისი პოლიტიკური კამპანიის წარმოება და ჩვენ ოპოზიციური პარტიების განცხადებები უკვე ვნახეთ. მე ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ალბათ არ არის პირველი და უკანასკნელი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. 20 იანვრამდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ.
თუ ეს სანქციებით შემოიფარგლება, კიდევ არაფერი. მთავარია სხვა უფრო მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგვაყენოს აშშ-ის ადმინისტრაციამ, რადგან ის ებრძვის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, გადაყენება და სხვისით ჩანაცვლება უნდა, თუმცა შესაძლოა ეს სასანქციო და დამსჯელი ღონისძიებები ქვეყანასა და ხალხზეც აისახოს. მე ვშიშობ რამე მსგავსი არ მოხდეს. შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ აშშ “ქართულ ოცნებას” უტოვებდეს შანსს მოლაპარაკებისთვის და შეიძლება არა, რადგან თუ ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ოცნება” წავიდნენ იმ დათმობაზე, რასაც მათგან დასავლეთი ითხოვს, ამის გამორიცხვა არ შეიძლება.
თუმცა არის მეორე ვარიანტიც – ამ სანქციებმა შეიძლება “ქართული ოცნება” პირიქით, საპირისპირო პოზიციაზე დააყენოს და თქვან – თუკი მაინც გვასანქცირებენ და გვსჯიან, მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ვთვლითო. იმიტომ, რომ „ოცნება” რაკი ერთხელ დათმობს, მაშინ შესაძლოა მისგან კიდევ სხვა დათმობებიც მოითხოვონ. ეს არის საკმაოდ მაცდუნებელი გარემოებები, რომ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდეს დათმობების სურვილი, მაგრამ შეიძლება ამან იქამდე მიიყვანოს, რომ მერე საერთოდ ყველაფერი დაკარგოს. ამიტომაც, “ოცნებაში” ახლა ფიქრობენ რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ ამაზე. მე მაინც მგონია, რომ ის მთავარი დათმობა, რასაც დასავლეთი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ითხოვს, ანუ არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ალბათ არ იქნება.
ზაალ ანჯაფარიძე, “რეზონანსისთვის”