ბლინკენის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია მომავალი მოლაპარაკებებისთვის გადამწყვეტია

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის გადამწყვეტია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სეულში ჟურნალისტებს განუცხადა და კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ შეტევას გამოეხმაურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, უზრუნველყოს, რომ უკრაინას რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია ჰქონდეს.

„მათი პოზიცია კურსკის ოლქში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული ნებისმიერი მოლაპარაკების დროს, რომელიც შესაძლოა, მომავალ წელს დაიწყოს“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი უკრაინას კვლავ დასჭირდება „უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით.

„რაღაც მომენტში ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს, მაგრამ, პუტინის აზრით, ეს არ ნიშნავს „თამაშის დასრულებას“, – თქვა ბლინკენმა.

მისივე თქმით, პუტინი შეეცდება, დაისვენოს, ხელახლა შეიარაღდეს და საბოლოოდ ისევ განახორციელოს შეტევა. ამრიგად, ბლინკენმა განაცხადა, რომ საჭიროა ადეკვატური შემაკავებელი საშუალებები, რათა მას ამის გაკეთებაში ხელი შეუშალონ.

ინფორმაციისთვის, 5 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მოულოდნელი შეტევა დაიწყეს. როგორც ISW-ის ანალიტიკოსები წერენ, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქის სამ რაიონში წინსვლა მოახერხეს და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.