Politico: სარკოზი მუამარ კადაფისგან მიღებული ფულის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფისგან მიღებული ფულადი თანხის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ნიკოლა სარკოზი მუამარ კადაფი

გამოცემის თანახმად, სახელმწიფო ბრალდება მას ედავება იმას, რომ 2007 წელს, როცა ის მის პირველ საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა, კადაფი მას აფინანსებდა.

კადაფის მიერ სარკოზის დაფინანსების საქმის გამოძიება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. მაშინ ფრანგულმა ჟურნალისტურმა სააგენტომ Mediapart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ კადაფი სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისთვის 50 მილიონი ევროს გამოყოფას დათანხმდა.

ლიბიის მიერ სარკოზის კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ჭორები დოკუმენტების გამოქვეყნებამდე, 2011 წლის მარტში გავრცელდა. Politico-ს ინფორმაციით, მაშინ ლიბიაში სამოქალაქო ომი უკვე დაწყებული იყო, ხოლო საფრანგეთმა ნატოსთან ერთად კადაფის დამხობის საქმეში ლიდერის როლი იტვირთა.

ამ საქმეზე საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება ოფიციალურად 2023 წელს წაუყენეს. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ „ნიკოლა სარკოზიმ და მუამარ კადაფიმ პირველის არჩევნების დაფინანსებისთვის კორუფციული პაქტი გააფორმეს“.

Politico აღნიშნავს, რომ სარკოზი დღესდღეობით შინაპატიმრობაშია. 2021 წლის მარტში ის საფრანგეთის სასამართლომ კორუფციასა და მოსამართლის მოსყიდვის საქმეში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ორი წელი პირობით სასჯელად გადაკვალიფიცირდა.