აშშ გეგმავს დამატებითი სანქციების შემოღებას რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეამციროს მისი შემოსავლები უკრაინის ომისთვის. სამიზნე იქნება რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 იანვარს თანამდებობას დაიკავებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი იქნება ტრამპის მიდგომა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ.
წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს სანქციებს ტანკერების წინააღმდეგ, რომლებითაც რუსული ნავთობის გადაზიდვა ხორციელდება.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ათეულობით ასეთ გემზე, რათა შეემცირებინა რუსეთის შემოსავლები.
„ეს იქნება დიდი პაკეტი“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა „როიტერს“ განუცხადა გასულ თვეს, რომ აშშ განიხილავს დამატებით სანქციებს ტანკერებზე და არ გამორიცხავს სანქციებს ჩინეთის ბანკებზე.