უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის სამ რაიონში წინსვლა მოახერხეს და ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს. ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელებმა ჯავშანტექნიკის გამოყენებით ბერდინას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს და ამ დასახლების სამხრეთ ნაწილი დაიკავეს.
შეტევები განხორციელდა ასევე ლეონიდოვოს და პუშკარნის მიმართულებით. ბოლო დასახლება სუჯიდან აღმოსავლეთით მდებარეობს.
ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მორიგი შეტევა დაიწყეს, რუსულმა სამხედრო კორესპონდენტებმა გაავრცელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინული ძალები დიდი შეტევისთვის ემზადებიან და ის, შესაძლოა, კურსკის ოლქში მოხდეს ან ფრონტის რომელიმე სხვა მონაკვეთზე.