უკრინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველი მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გაიმართება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ინაუგურაციის შემდეგ, შემდეგ კი კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინთან.
ინტერვიუს დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინა დაჯდება ტრამპთან სასაუბროდ.
„ვფიქრობ, რომ 25 იანვარს ან სხვა დღეს დავსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასაც ჰქონდეს ხმა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოსკოვთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ.
„თუ ამერიკელი ლიდერი უკრაინას უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს შესთავაზებს, ამის შემდეგ შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკება. ასე, და არა უბრალოდ სამივე მაშინვე დავსხდეთ [მოლაპარაკების მაგიდასთან]“, – დასძინა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ტრამპი შეიძლება აღმოჩნდეს რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, თუ ის მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინას უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიების გარეშე.
მისი აზრით, ეს შეიძლება დაემსგავსოს იმ სიტუაციას, რომელშიც ზელენსკი აღმოჩნდა 2019 წელს.
„ნუ დაელოდებით პუტინის სურვილებს, აიძულეთ მას გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ომის დასასრულებლად – ეს მნიშვნელოვანია“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.