„ნაცობა“, რომ ტეხავს ეს ყველამ გაიგო, მაგრამ როდესაც ნაცმა იფიქრა, რომ მე ნაცი კი არ ვარ, ევროპას ვუჭერ მხარს და ვებრძვი რუსეთს, უფრო თამამი გახდა. ესაა გარედან მართული უდიდესი ფეიკკამპანიის შედეგი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგში არაფერი შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებით მმართველი გუნდის ამომრჩევლის გადარწმუნება რადიკალებმა ვერ შეძლეს.
„რაც შეეხება პროტესტს, ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ყველა კვლევით ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი დაჰკლებია რეიტინგში. ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეები გადაარწმუნეს და ახლა სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ გამოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, გამოვიდნენ სააშკარაოზე და ეს დააკვირდით როდის მოხდა, მაშინ როდესაც „ნაცებმა“ დაირქვეს პროევროპულები. უკაცრავად ჟარგონისთვის, „ნაცობა“, რომ ტეხავს ეს ყველამ გაიგო, მაგრამ როდესაც ნაცმა იფიქრა, რომ მე ნაცი კი არ ვარ, გვარამიას, ხაზარაძეს და მოღალატე გახარიას, სააკაშვილს კი არ ვუჭერ მხარს მე აგერ ევროპას ვუჭერ მხარს და ვებრძვი რუსეთს და მაიმუნი „ობიზიანა“ არ უნდა იყოს და ამისთვის ვიბრძვი, აი ეს რომ დაიჯერეს და ვიღაცას დააჯერეს, აი ამ დროს უფრო თამამი გახდა, უფრო თავის პოზიცია გამოიტანა გარეთ. ეს არის გარედან მართული და გარედან მხარდაჭერილი უდიდესი ფეიკკამპანიის შედეგი, რომელი კამპანიითაც „დიფ სტეითი“ არამხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ცდილობს მოვლენები მართოს. ამას ვუპირისპირდებით ჩვენ სწორი მესიჯებით, სწორი ანალიზით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.