რობერტ ფიცო: არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას

რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე უარის გამო სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „სლოვაკეთისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების საბოტაჟში“.

რობერტ ფიცო

სლოვაკი პოლიტიკოსის განმარტებით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო მისი ქვეყანა მილიარდ-ნახევარ ევროს კარგავს.

„უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტა და სლოვაკეთის ეროვნული ფინანსური ინტერესებისთვის ზარალის მიყენება, მოსკოვში ჩემი ვიზიტის მიზეზი გახდა. სულ მცირე, მე მჭირდებოდა გაზის უზრუნველყოფა სლოვაკეთის შიდა მოხმარებისთვის, რაც ჩვენ გაზის საფასურის გაზრდის გარეშე გავაკეთეთ.

ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის გავლით ნებისმიერი სახის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ, არსებითად აზარალებს სლოვაკეთს და მთელს ევროკავშირს. არსებითად, ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც საშუალება აქვს, ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდოს.

არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთი და ევროკავშირი უკრაინას დახმარებას უწევენ“, – აღნიშნავს ფიცო.