დამოუკიდებლად არსებობის 32 წლის განმავლობაში იმდენი მიტინგი და კარავი გვაქვს ნანახი, რამდენიც ცაზე ვარსკვლავი, მაგრამ არც ერთი, სოციალურ საკითხზე, ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეზე. იქ კი, საითკენაც ხელისუფლება-ოპოზიციის განცხადებით მივდივართ, კვირა ისე არ ჩაივლის, ევროპის რომელიმე ქალაქი ან ქალაქები დარგობრივმა მიტინგებმა, დემონსტრაციებმა არ შეაზანზაროს. ყველა მათგანი სოციალურ საკითხებს ეძღვნება, ხალხის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ვინ გაბედავს იქ ხელფასების ისეთ მომატებას, რასაც აქ აქვს ადგილი?!
ხელფასების მომატებით კმაყოფილი დარჩება ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყვით ხალხზე. ახალგაზრდები, ვინც საბჭოურ ცხოვრებას არ მოსწრებიან, არათუ აკრიტიკებენ იმათ, ვინც მოესწრო, დასცინიან კიდეც. არადა, დასაცინი ის არის, რაც დღეს გვაქვს — „დამოუკიდებელ“, „თავისუფალ“ ცხოვრებაში.
საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის სოციალურ პირობებზე სახელმწიფო ზრუნავდა. მის ხელში იყო ამ საკითხის მოგვარების სადავეები, რასაც ის პირნათლად ასრულებდა. და რომ არა ხელისშემშლელი ვითარება, გამოწვეული დიდი სამამულო ომით საბჭოეთი თითით საჩვენებელი სანიმუშო სახელმწიფო იქნებოდა.
ზოგიერთ რუსულ ტელეარხზე იხსენებენ გასული საუკუნის 30-იან წლებში კვების პროდუქტების დამზადების თემას, მაგალითად ძეხვის, სადაც უმაღლესი ხარისხის ხორცი გამოიყენებოდა — 78%, სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
ძეხვის დამზადების ტექნოლოგიის გასაცნობად პარტიამ ცნობილი ბოლშევიკი და მინისტრი მიქოიანი მიავლინა აშშ-ი. მაშინ საბჭოთა კავშირ—აშშ-ს შორის საქმიანი ურთიერთობები არსებობდა. ძეხვის და კვების სხვა პროდუქტებში სახელმწიფოს მიერ მიღებული დოზირების დარღვევა, მაგალითად კანონით გათვალისწინებული ხორცის ან სხვა ინგრედიენტის დაკლება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა.
კომპარტია თვლიდა, რომ სოციალიზმის ასაშენებლად ჯანმრთელი ადამიანი იყო საჭირო, სუფთა კვების პროდუქტებით უზრუნველყოფილი. საბჭოთა ადამიანს კარგი საცხოვრებელი ბინა უნდა ჰქონოდა. და აქედან გამომდინარე, ფართოდ გაიშალა ბინათმშენებლობა — ფუნდამენტური, ჩუქურთმებით დამშვენებული სახლების, ე.წ. სტალინის არქიტექტურის, 4 მეტრის სიმაღლის მაღალჭერიანი, დიდ ოთახებიანი ბინებით, სადაც საცხოვრებელ ფართში არც დერეფნები შედიოდა და არც ტუალეტ-აბაზანა, აივანი. სტალინის არქიტექტურის ბინები დღესაც პოპულარობით სარგებლობს და მაღალი ფასიც აქვს. სამწუხაროდ, სკკპ ცკ-ს გენერალურ მდივნად ხრუშჩოვის არჩევამ კარდინალურად შეცვალა უარესობისკენ არა მარტო ბინათმშენებლობა, არამედ კვების საკითხებიც. გაჩნდა ჩვენთვის ნაცნობი ე.წ. ხრუშჩოვკები — პატარა, დაბალჭერიანი ბინებით.
საბჭოთა კავშირში მოსახლეობას ბინას უფასოდ ურიგებდნენ. ასეთს, მსოფლიოში არსად ჰქონდა ადგილი, ერთადერთი გამონაკლისი კადაფის ლიბია იყო. საბჭოთა ადამიანი ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო და ამისთვის მას წლის განმავლობაში, 2-ჯერ უნდა გაევლო დისპანსერიზაცია პოლიკლინიკაში. პროცედურა სავალდებულო იყო და ამდენად მუშაკს, დისპანსერიზაციის დღეს ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან. სამედიცინო მომსახურება უფასო იყო.
საბჭოთა ადამიანს წლის განმავლობაში უნდა დაესვენა სანატორიუმში. დასვენების ხარჯებს პროფკავშირები ანაზღაურებდა, მცირედს თვით დამსვენებელი ამატებდა.
საბჭოთა კავშირის დროს აშენდა კურორტების ქსელი, შესანიშნავი არქიტექტურით, შადრევნებით, სასეირნო ბილიკებით, სამედიცინო მომსახურე პერსონალით, მინერალური წყლების აბაზანებით, მინერალების შემცავი ტალახის აბაზანებით და ა.შ.
საბჭოთა ადამიანი განათლებული უნდა ყოფილიყო, სწორედ ამისთვის მრავალი საშუალო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, დარგობრივი ინსტიტუტები აშენდა. სწავლა უფასო იყო, ამასთანავე სტუდენტი, სახელმწიფო სტიპენდიას იღებდა; თბილისში, რაიონებიდან ჩამოსულთათვის აშენებული იყო სტუდქალაქი, სტუდენტური საცხოვრებლები — უფასოდ. უპატრონო ბავშვებისთვის იყო სკოლა-ინტერნატები. სკოლამდელთათვის საბავშვო ბაგები და ბაღები, მუშა სტუდენტებისთვის იყო საღამოს ფაკულტეტი ინსტიტუტებში.
უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, დასაქმების საკითხებიც სახელმწიფოს ხელში იყო. სახელმწიფო ანაწილებდა უმაღლეს დამთავრებულს უკიდეგანო საბჭოთა კავშირის ქარხნებში, ფაბრიკებში, დაწესებულებებში და ა.შ.
დამოუკიდებლობამ და მასთან ერთად საბაზრო ეკონომიკაზე, კაპიტალიზმზე გადასვლამ ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ისტორიის სანაგვეზე მოისროლა, მაგრამ ვერ ამოშალა იმ ადამიანთა თავებიდან, ვინც საბჭოურ ცხოვრებას მოესწრო. ამიტომ იხსენებენ საბჭოთა კავშირს დადებითად; ამიტომ უჭირს დასავლეთს თავისი პროპაგანდით, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულით საბჭოური სოციალური სიკეთეების გადაფარვა.
საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წლის დეკემბერს — ოფიციალურად, ფაქტობრივად, ნამდვილი საბჭოეთი სტალინის სიკვდილთან ერთად. წინა სტატიაში აღვნიშნე და გავიმეორებ გიგანტური საბჭოთა კავშირის მართვას გიგანტურად მოაზროვნე, მტკიცე ხასიათის მატარებელი ხელმძღვანელი სჭირდებოდა და როდესაც ასეთი გაქრა, რიგითმა პარტიელებმა, ხშირ შემთხვევაში პროვინციული აზროვნების მატარებლებმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინერციით ატარეს ქვეყნის მართვის მძიმე ტვირთი. და როდესაც ძალა გამოელიათ, დაშალეს, უფრო სწორედ დაეშალათ.
საბჭოეთის გახსენება დღევანდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის ხელფასების მომატებამ გამახსენა, თანაც რა მომატებამ, ასეთზე იტყვიან ასტრონომიულმა!
მაშინ თავში აზრადაც არვის მოუვიდოდა საკუთარი ხელფასის მომატება. რასაც ისინი აკეთებდნენ: წლის განმავლობაში ორჯერ ფასების დაკლება იყო — კვების პროდუქტებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საქონელზე, მედიკამენტებზე და სხვაზე. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
შემედავებით, საბაზრო ეკონომიკის დროს ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა ხელისუფლებაო. ვერ დაგეთანხმებით! ხელისუფლების ხელშია საკონტროლო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ის ვალდებულია, გავლენა იქონიოს ბიზნესზე — ასეთ კონტროლს ადგილი აქვს ყველგან, თუნდაც აშშ-ში.
გაიხსენეთ, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობისთვის მებრძოლი კამალა ჰარისის დაპირება ამომრჩევლებისთვის — არჩევის შემთხვევაში, ის დაარეგულირებს სამომხმარებლო ფასებს სუპერმარკეტებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და ა.შ.
თუ ხელისუფლება ვერ არეგულირებს ფასებს და დინებას მიჰყვება განცხადებით — ფასებს ბაზარი დაარეგულირებსო, მაშინ რად გვინდა ხელისუფლება?
მომატებულმა ფასებმა ხომ არ უბიძგა ხელისუფლებას საკუთარი ხელფასის გაზრდისკენ?!
საკუთარი კი გაიზარდეს, მაგრამ პენსიები?
პენსიებიც გაზარდეს სასაცილოდ, მხოლოდ სათქმელად (35 ლარით) — გავზარდეთო.
იკითხავთ — სად არის ოპოზიცია და რატომ არ იღებს ხმას?
ოპოზიციას აწყობს, ვინაიდან მისმა ხელფასმაც მოიმატა, ანუ პარლამენტარობისთვის. თუ ოპოზიციამ მიაღწია საწადელს და ხელისუფლებაში მოვიდა, მომატებული ხელფასები დახვდება. მას ტვინის საჭყლეტი აღარ ექნება და თავის მართლებაც აღარ დასჭირდება — ხელს წინა ხელისუფლებისკენ გაიშვერს.
დასასრულს შემოგთავაზებთ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ფასებს საილუსტრაციოდ და საბჭოური „რეპრესიული“ ცხოვრების გასახსენებლად. ერთი კილოგრამი ძეხვი, „დოქტორსკაია“ — 2,9 მანეთი; კარტოფილი — 14 კაპიკი; 10 ცალი კვერცხი — 90 კაპიკი; 1 ქილა მაიონეზი — 53 კაპიკი (250 გ); 1კგ სტაფილო — 7-10 კაპიკი; 1 კგ ხახვი — 10 კაპიკი; 1 კგ კიტრის მწნილი — 30 კაპიკი; ქათამი — 90 კაპიკიდან 2 მანეთამდე (1 კგ); საქონლის ხორცი — 1კგ 1,8-დან 2 მანეთამდე; 1 ბოთლი არაყი „სტოლიჩნაია“ — 5,5 მანეთი; „საბჭოთა შამპანური“ — 3,6 მანეთი; 1 კგ ყველი — 2,5 მანეთიდან 3 მანეთამდე; შებოლილი ძეხვი 1 კგ — 5 მანეთი; ქილა „შპროტი“— 30-40 კაპიკი.
საბჭოთა ცხოვრების კრიტიკისა და ლანძღვის დროს წამით მაინც უნდა გავიხსენოთ სოციალური მდგომარეობა ხალხისა, რომელიც გაცილებით უკეთესი იყო დღევანდელზე. მაშინ სხვა პოლიტიკური სისტემა იყოო — შემედავებიან.
იყო! და რახან იყო, არვინ დაუშვებდა მოხელეთა ზერელეობას, თავგასულობას, ვოლუნტარიზმს. ერთ მაგალითს მოვიყვან ყველასთვის ნაცნობს, მაგრამ ყურადღების მიღმა დარჩენილს, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე თბილისელთა, განსაკუთრებით საბურთალოელთა.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ივანიშვილმა და ივანიშვილებმა დაანგრიეს იპოდრომი და მასთან ერთად ტრადიციული ქართული სპორტი — ცხენოსნობა. ნაცვლად იყო დაპირება იპოდრომის ადგილას იაპონური ბაღის გაშენებისა.
12 წელია თბილისისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად არის ქცეული. არვინ იცის, რას აკეთებენ და როდის დაასრულებენ დაუმთავრებელ „აღმშენებლობას“.
არვინ იცის, რატომ დაანგრიეს რუსთაველის კინოთეატრი და რა იქნება მის ადგილას. რატომ არის დაყრუებული პლეხანოვის გამზირზე მდებარე 2 ისტორიული შენობა — ყოფილი სასტუმრო „რუსთავი“ და ყოფილი კინოთეატრი „აპოლო“.
ქალაქში მიტოვებულ და გავერანებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს რა მოთვლის?!
არსად ჩანს ხელისუფლების მზრუნველი ხელი და რომ არ ჩანს, ამიტომაც იხსენებენ საბჭოეთს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი