რადიკალური ოპიზიციის ლიდერები ჯაშუშურ საქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ და საქართველოს მუდმივი რყევის რეჟიმში ამყოფებენ – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ვამზადებთ საჩივარს, რომელსაც გენერალურ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შევიტანთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოში” აცხადებენ, საქართველოში დღესაც მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ოთხი ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი.

„გუშინ მმართველმა გუნდმა საზოგადოებას გააცნო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის და „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას შეაფასებს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – სახელისუფლებო გუნდის ეს გადაწყვეტილება ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულთა შესწავლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმ პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშე ქართული სახელმწიფო დღემდე დგას.

საქართველოში დღესაც მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ოთხი რადიკალური ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი. დღეს ეს პარტიები და მათი ლიდერები ჯაშუშურ საქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ და საქართველოს მუდმივი რყევის რეჟიმში ამყოფებენ. სწორედ ეს არის მათი მთავარი დავალება – არ დაასვენონ ქვეყანა და სახელმწიფოს აღქმა მაქსიმალურად დააკნინონ. სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც მათ დანაშაულებზე სახელმწიფო პროპორციულად არ რეაგირებს, ხდება ქვეყანაში ჯაშუშობის ლეგალიზება.

რადიკალური ოპოზიციის და მისი ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულები ხელისგულზე დევს. სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და მათი თანამზრახველების დანაშაულებს დიდი გამოძიება არ სჭირდება. მთავარია, სახელმწიფომ გაბედოს დანაშაულზე რეაგირება და პროკურატურამ აღძრას შესაბამისი საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. ჯაშუშების ადგილი არის არა პოლიტიკაში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს სამართლის უზენაესობის უპირობო მოთხოვნაა. ამ პრინციპის დაცვის გარეშე, საქართველო ვერასოდეს შედგება, როგორც სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფო, გამართული პოლიტიკური სისტემით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ვამზადებთ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შევიტანთ. ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება, გრძელვადიან რეჟიმში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სრულად გათავისუფლდება ჯაშუშებისგან და მასში მხოლოდ ეროვნული, საკუთარი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალები იქნებიან წარმოდგენილი”, – ნათქვამია განცხადებაში.