აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „უწყებაში ცვლილებების განხორციელება სურს“.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ მისთვის ერთ-ერთი რთული იყო.
„ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას ცვლილებების შეტანა სურს და, კანონის თანახმად, ამის გაკეთება ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშეც შეუძლია“, – განაცხადა კრისტოფერ რეიმ.
კრისტოფერ რეის განმარტებით, მისი გადადგომა დაეხმარება ბიუროს, პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩაებას.
„დავასკვენი, რომ ბიუროსთვის საუკეთესო იქნებოდა ამის ორგანიზებულად გაკეთება, რათა გამოძიების ფედერალური ბიურო კიდევ უფრო ღრმად არ ჩაერთოს ბრძოლაში“, – აღნიშნა კრისტოფერ რეიმ.