საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გასაპროტესტებლად, რუმინეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა არჩევნების მეორე ტურის ჩატარება და მოქმედი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის გადადგომა მოითხოვეს. აქცია ოპოზიციური მემარჯვენე პარტიის, „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც 22%-იანი მხარდაჭერით, დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რაც არჩევნების პირველ ტურში, რუსეთის გავლენას ადასტურებს.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კალინ ჯორჯესკუ.
რუმინეთის მმართველი კოალიცია მიმდინარე კვირას შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება.