დადგა ახალი, 2025 წელი (ახლა უკვე „ძველით ახალიც“), ასერიგად ნანატრი საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ყველა წევრის, მისი ოჯახის წევრის, მისი ახლობლების, გულშემატკივრების.
ახალი წლის დადგომა დიდი დღესასწაულია, ნებისმიერი ადამიანისთვის — აქაურისთვის, იქაურისთვის, ვინაიდან დაკავშირებულია ადამიანის ოცნებასთან, იმედთან, წარმავალ წელს აუსრულებელი ოცნების, ახალ წელთან ასოცირებასთან.
ახალი წლის დღესასწაული, ხალასია, ყველა სხვა გამოგონილ დღესასწაულთან, მით უმეტეს პოლიტიკურთან, პარტიულთან შედარებით. სწორედ ამიტომ აღინიშნება მთელს მსოფლიოში ყველას მიერ უდიდესი აღმაფრენით, სიხარულით — ნამდვილით და არა ყალბით, ისეთით, პარტიული დღესასწაულები რომ არის გაჟღენთილი.
„ქართული ოცნების“ სიხარულიც ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ზემომოყვანილით არის განპირობებული უპირველეს ყოვლისა, მაგრამ უპირველეს თუ უმეორეს?
ალბათ, უფრო უმეორეს ან უპირველესთან პარალელურად, რამეთუ 2025 წლის პირველი თვე, იანვარი, მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოა — თანამედროვე „ქართულად“ ეგზისტენციალური (ინგლისური Existence — არსებობაა), ანუ რაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემეული ინტერპრეტაციით — სამკვდრო-სასიცოცხლოა.
2025 წლის 20 იანვარი აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეა, ამიტომ არის „ოცნებისთვის“ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე სამკვდრო-სასიცოცხლო. ეს ჩემი განმარტება არ გახლავთ, თვით „ოცნებელი“ ლიდერების განმარტებაა — არაერთხელ გაკეთბული საჯარო სივრცეში. მე და თქვენ ისღა დაგვრჩენია, გაკვირვებულებმა ვიკითხოთ — სად ჩვენ და სად აშშ-ი, ტერიტორიულად ცხრა მთასა და ზღვას, ოკეანეს იქით მდებარე?
თანამედროვე კომუნიკაციიების განვითარება-დახვეწამაც ვერ შეძლო 12 ათასი კილომეტრის დასაფარი დროის თუნდაც 2-3 საათამდე დაყვანა — ჩვენსა და საქართველოს ახალ პატრონ აშშ-ს შორის.
ძველი პატრონი, მეზობლად მყოფი, რომლის დედაქალაქამდე 2,5 საათის ფრენა გვიწევდა, ახლით ჩავანაცვლეთ — 8-9 საათით და ისიც ევროპაში თვითმფრინავების გამოცვლით, პირდაპირი კომუნიკაციის არ არსებობის გამო, რაც ბატონთან მისასვლელ დროს ერთი იმდენით, შესაძლოა უფრო მეტითაც ზრდის.
მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რომ აშშ-ი იქ მდებარეობს და არა ავსტრალიაში, მაშინ საათები კი არა, დღეები არ გვეყოფოდა პატრონის უკანალის ასალოკად!
მოხერხებული ხალხი ვართ ქართველები, მეზობლებს უარს ვეუბნებით მჭიდრო ურთიერთობაზე, ვისთანაც მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება გვაკავშირებდა და ახალს ვეძებთ, უკვე მოვძებნეთ, დედამიწის ბოლოს.
ჩვენ, იმითაც ვართ მოხერხებული, სხვისას ვიჩემებთ, ჩვენიაო ვამბობთ, რაც გვაქვს და რაც ჩვენია სასირცხვილოდ მიგვაჩნია. ჩვენი კი ისაა კავკასიელობა, მცირე აზიელობა რომ ჰქვია, მაგრამ გვცხვენია კავკასიელობის, მითუმეტეს მცირე აზიელობის — ევროპელები ვართ — გავიძახით, ზოგი ამერიკელები ვართო, მენტალურადო. ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს სახლში, ევროპაშიო. და ამას ისე ხშირად გავიძახით წინაპრების ფესვების შესწავლა დავიწყეთ, მართლაც ფრანგები, გერმანელები, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ნათესავები ხომ არ ვართო. ხომ არ ვცდებით, პატივცემულებო?!
ის, რომ ქართველები ევროპელები არ ვართ, მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ თვით ქართველთა ევროპელობის იდეას, უფრო სწორად, მის ჩანერგვას ახალ თაობაში, სჭირდება ღრმა ანალიზი იმისა, რისთვის არის ეს იდეა შემოგდებული და რას ემსახურება?!
თვალის ერთი გადავლებითაც ჩვენს განვლილ 32-წლიან ცხოვრებაზე, დავინახავთ, რომ ქართველთა „ევროპელობა“, ევროპისკენ ლტოლვა სულაც არ არის შემთხვევითი, სპონტანური ამბავი.
შევხედოთ სტატისტიკას, მიმოვიხედოთ ირგვლივ, თვალი შევავლოთ „დახურულ“ სოფლებს, ანუ ნასოფლარებს, ბოლოს და ბოლოს შევადაროთ უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპაში მცხოვრებ ლტოლვილთა ფულად გზავნილებს — გუშინდელს, გუშინწინდელს. დღევანდელი — არ მოგჭრით თვალს რაოდენობის ზრდა? ფულის რაოდენობის ზრდა ხომ არ ნიშნავს, იქ ქართველ ეკონომიკურ ლტოლვილთა ზრდას?
დიახ, პატივცემულებო! საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილი უკვე ევროპაშია, იქ ცხოვრობს, იქ მუშაობს — შავ სამუშაოზე, ისეთზე, იქაური რომ არ იკადრებს. თეთრკანიანმა ქართველმა, 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში, შავკანიანი აფრიკელი ჩაანაცვლა.
უცხოეთში ფეხმოკიდებულს — მრავალ განსაცდელს, იქაურ სამართალდამცავთა დევნაგამოვლილს, საქართველოში დაბრუნებას ვერ მოვთხოვთ.
ის, იქაურია უკვე, იქაური წყალდალეული. რაოდენ დიდი განსხვავებაა მე-19 საუკუნის ქართველ „თერგდალეულებთან“ შედარებით, მეფის რუსეთში სწავლა-განათლება მიღებულ და სამშობლოში დაბრუნებულებთან.
საქართველოს უგვირგვინო მბრძანებელმა, ივანიშვილმა ბრძანა — საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, დასაქმების მსურველი, ევროპაში დავასაქმეო. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ხომ „ოცნების“ მმართველობის დროს გაფორმდა — დიდი ცეკვა-თამაშის ფონზე?
აი, სწორედ მან მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და მოსახლეობის გადინება სამშობლოდან.
ქართული პოლიტიკა ხარობდა, ისე, როგორც მოსახლეობა. ქვეყანა?
ქვეყანა კი მცირერიცხოვანი, დიდ დემოგრაფიულ დარტყმას იღებდა. და მიიღებს უკვე ხვალ და არა პერსპექტივაში, გაურკვეველში, ბურუსით მოსილში, უხალხოდ დარჩენილში.
ქვეყანა — ხალხია, მთა და ბარიც ქვეყანაა, თუმცა უსულო. უხალხო ქვეყანა მხატვრის მიერ დახატული პეიზაჟია.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მით უმეტეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ვიღაც დასავლელის, მზაკვარის შორსმიმავალი გეგმების ნაყოფია, რაც მიზნად ისახავს ისეთი სუსტი ქვეყნის, როგორიც საქართველოა — ევროპის ზღურბლთან მიბმას, შინაური ცხოველივით.
არა! ერი წუთითაც ნუ იფიქრებთ პატივცემულებო, რომ ევროკავშირის კარს ვინმე გაგვიღებს და გვეტყვის — მობრძანდით, ქართველებო, დიდი ისტორიის, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების მატარებლებო, თქვენი ადგილი აქ არის, თქვენს ძველ ბინაშიო.
ევროკავშირელთა მასპინძლობა მთელი რიგი საკითხების გადაჭრას უკავშირდება, თანაც ისეთს, რაც დარჩენილი საქართველოსთვის მიუღებელია, თუმცა ხვალ ან ზეგ ალბათ მისაღები.
მიუღებელია ლგბტ-ეობა, ტრანსვესტიტობა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მათ მიერ შვილად აყვანა; მიუღებელია რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რამეთუ დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის; რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთება — ასევე დამანგრეველი ქვეყნისთვის.
საქართველოს მიიღებენ ევროკავშირში საქართველოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების შემდეგ და რაც მთავარია ქართველის გაევროპელების, ისეთად გადაქცევის, როგორებიც უტყვი ევროპელები არიან.
იცის ქართველმა, რა არის ევროპა ან ამერიკა?
იცის შებრუნებით, რეალურისგან განსხვავებულით. როდესაც ე.წ. ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი ეთერში აცხადებს, რომ მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის კონგრესის წევრმა თქვა — საქართველოს ხელისუფლება არაკანონიერიაო, არ იცის! და არ იცის არა იმიტომ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არაკანონიერად მოიხსენია, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ი მოიხსენია მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად.
დემოკრატიული, ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყანა არ ჩაიდენდა იმას, რაც მან ჩაიდინა ერაყში, ავღანეთში, იუგოსლავიაში. სჩადის უკრაინაში. აღარაფერს ვამბობ ლიბიაზე, ვიეტნამზე, კორეაზე, ჰიროსიმასა და ნაგასაკზე და ა.შ.
„ყველაზე დემოკრატიულმა“ დააყარა ბირთვული ბომბები იაპონიის ქალაქებს — სხვისი დაშინების მიზნით. ეს, სხვა, ძლიერი საბჭოთა კავშირი იყო — დიდ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული.
მაშინ აშშ-ი, დიდ ბრიტანეთთან ერთად, საბჭოთა კავშირის მოკავშირეები იყვნენ ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. თუმცა ბერლინის დაცემამ და რეიხსტაგზე საბჭოთა წითელი დროშის აღმართვამ მკვეთრად შეაბრუნა აშშ-ს პოლიტიკა საბჭოეთის საწინააღმდეგო მხარეს. და რომ არა საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს პირველი მდივნის, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სტალინის, საბჭოთა მეცნიერების და მარშალ ბერიას ძალისხმევა, „დემოკრატიული ამერიკის“ მიერ საბჭოთა ქალაქებისთვის გამეტებული ბირთვული ბომბის დამანგრეველ ძალას საქართველოც იგრძნობდა, ვინაიდან ამერიკა-ინგლისის ხელისუფალთა მიერ საბჭოთა ქალაქების რიცხვში, რომლებიც ბირთვული ბობმებით უნდა გაენადგურებინათ, თბილისიც იყო.
აშშ-ს დემოკრატიული ადმინისტრაცია, რომელიც იანვრის 25-ში დაგვემშვიდობება, ისტორიაში შევა როგორც ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების უპირველესი დამრღვევი, თანამედროვე ტერორიზმისა და ნეოფაშიზმისთვის ხელის შემწყობი. 32 წელია აშშ-ი, ანტირუსულად განწყობილი და სხვისი ტერიტორიების ხელში ჩაგდების, ამ შემთხვევაში რუსეთის, მსურველი ყველა ხერხს მიმართავდა უკრაინელთა, იგივე რუსთა — ანტირუსულად გადაქცევისთვის.
ვაშინგტონს გამოუვიდა, განსაკუთრებით ბაიდენის დემოკრტიული ადმინისტრაციის დროს.
უკრაინა გახდა ტერორისტული სახელმწიფო, ნეოფაშისტური, ანტიდემოკრატიული, კორუმპირებული. დედამიწაზე არსებული ბოროტებიდან ყველა უკრაინაშია თავმოყრილი, რასაც აშშ-ს ბაიდენის ადმინისტრაცია, 4 წლის განმავლობაში საყოველთაო მხარდაჭერას უწევდა ფულით, იარაღით, პროპაგანდით, სიცრუის გავრცელებით.
უკრაინულ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა გენერალი კირილოვი, რომელიც სისტემატურად აწვდიდა რუსეთსა და მსოფლიოს ინფორმაციას უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების მუშაობის თაობაზე, მათ მიერ ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის.
უკრაინის ნეოფაშისტურმა „ხელისუფლებამ“ სიამაყით განაცხადა, რომ კირილოვის ლიკვიდაცია მან განახორციელა. ტერორიზმთან მებრძოლმა ვაშინგტონმა პირში წყალი ჩაიგუბა, ვითომც არაფერი.
ჩვენმა ოპოზიციონერებმა გაიხარეს — კირილოვმა დაგვწამა ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობსო. კირილოვმა კი არ დაგვწამა, კირილოვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ნულანდის ნათქვამი გაიმეორა აშშ-ს კონგრესში დაკითხვის დროს, რომ უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან შტამები სასწრაფოდ გაიტანეს უკრაინის იმ ქალაქებიდან, რომლებზეც მიმდინარეობდა რუსეთის ჯარის შეტევა, ახლომდებარე ლაბორატორიებში, მათ შორის ლუგარშიც.
სულ ახლახანს, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, სარჯველაძემ თქვა, რომ აშშ-ს მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების შედეგად, ლუგარის ლაბორატორია არ მიიღებს 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობები დამყარდება და დაფინანსებაც აღდგება.
განმარტებისთვის — დაფინანსება შეუწყდა ამ ლაბორატორიაში მომუშავე ქართველებს, და არა ამერიკელებს, რომლებიც იქ მუშაობენ. ქართველმა მუშაკებმა არაფერი იციან ამერიკელი კოლეგების მუშაობაზე. ისინი იზოლირებულები არიან ერთმანეთისგან. არც იცნობენ ერთმანეთს.
გამოჟონილი ინფორმაციით, ლაბორატორიის იზოლირებული ნაწილი აგრძელებს მუშაობას ყოველგვარი შეფერხების გარეშე. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, იქ მომუშავე ამერიკელს ვინ შეუჩერებს დაფინანსებას?!
საქართველოს მცხოვრებს უყვარს ამერიკა და არა მარტო მას, მის ხელისუფლებასაც, რომელიც სულმოუთქმელი ელის ტრამპის ინაუგურაციას. საკითხავია, ვის უფრო მეტად უყვარს?!
ხელისუფლების სიყვარული მის არსებობას უკავშირდება. თუ ტრამპი მოწყალების თვალით გადმოგვხედავს, „ოცნება“ შვებით ამოისუნთქავს და ნიშნის მოგებით გადახედავს ოპოზიციას — სახელისუფლებო სავარძლებით დახარბებულს.
არც ერთს ქვეყანა არ აინტერესებს. ინტერესი, გამოვლენილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს ჩაქრა. და თუ სახალხო გამოსვლები, რასაც ყოველდღე აქვს ადგილი, მასობრივში არ გადაიზარდება, ინტერესი ხალხის მიმართ 4 წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების დღეს გამოვლინდება.
მანამდე კი — ხელისუფლება ცალკე, ხალხი ცალკე — ფორმულა გვექნება, უკვე გამოცდილი ბოლო 32 წლის განმავლობაში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი