სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრას უმასპინძლოს.
ვუჩიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ სერბეთი დაინტერესებული იქნებოდა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის მასპინძლობით და მათ უსაფრთხოების სათანადო დონის გარანტიითაც უზრუნველყოფდა.
„ეს არის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტ ტრამპს მთელ ევროპაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერბეთს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერით შეედრება… მეორე მხრივ, ის ასევე არის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი პუტინი ძალიან, ძალიან პოპულარულია. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს დედამიწაზე სწორედ ის ადგილია, რომელიც ორივესთვის ძალიან შესაფერისია“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ სერბეთი არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი არ არის.