აშშ-მა ბოლო სამ წელიწადში რუსეთისგან თვითმფრინავების ნაწილების მაქსიმალური რაოდენობა შეისყიდა

თვითმფრინავების ნაწილების იმპორტი რუსეთიდან აშშ-ში გასული წლის ნოემბერში ერთი მესამედით გაიზარდა და ბოლო სამი წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა. ინფორმაციას რუსული მედია ამერიკის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, შესყიდვების საერთო მოცულობამ 7,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის თებერვლიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული წლის 11 თვეში ამერიკისთვის მიწოდებული რუსული კომპონენტების საერთო მოცულობამ 31,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 30,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ამერიკელები რუსეთისგან უმეტესად თვითმფრინავების შასის და მის ნაწილებს ყიდულობდნენ. მათ აგრეთვე რუსეთისგან შეიძინეს თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების სხვადასხვა ელემენტები.

2024 წლის ნოემბერში აშშ-თვის თვითმფრინავების ნაწილების საკვანძო მიმწოდებლები გახდნენ დიდი ბრიტანეთი (281 მილიონი დოლარი), საფრანგეთი (195 მილიონი დოლარი) და კანადა (146 მილიონი დოლარი).