„ეს ადამიანი სანამ ბოდიშს არ მოიხდის, მას არავითარი უფლება არ აქვს სიტყვა საქართველო, ქართული და ქართველი ახსენოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გერმანელმა დეპუტატმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის სარწმუნოებას, ეკლესიას და მრევლს.
„ბატონ მიხაილ როთს, მათ შორის, არ შეუძლია დაინახოს საქართველოს მომავალი ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ერთად. ეს განცხადება აქვს მას გაკეთებული და შეურაცხყოფილი ჰყავს მრევლი, ჩვენი ეკლესია, სამღვდელოება, ჩვენი წარსული და მომავალიც.
შესაბამისად, ახლა ეს ადამიანი რა განცხადებას გააკეთებს ჩვენს ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რას დაინახავს ან ვერ დაინახავს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა“, – აღნიშნა გორდულაძემ.